მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განასხვავებს დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოს ზოგადი განათლების სისტემებს? - შალვა ტაბატაძის შეფასება

განათლება

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოს განათლების სისტემების მიდგომებით აფასებს. ის აცხადებს, რომ ავტოკრატიული სისტემები სტრუქტურული პრობლემების მოგვარების ნაცვლად ელემენტებს ცვლის, ხოლო სტრუქტურული პრობლემები რჩება.

ის ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისადმი ორი მიდგომის რამდენიმე განმასხვავებელს ასახელებს და გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოებას ანდობს, თუმცა აღნიშნავს "თუ შეიძლება ამას კონცეფცია ვუწოდოთ".

"ზოგადი განათლების წარმოდგენილ კონცეფციაზე: დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოს ზოგადი განათლების სისტემის განმასხვავებლებია:

1. მიზანი (ინდოქტრინაცია vs. განათლება) განათლება გულისხმობს კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი განსჯის და მტკიცებულებების შეფასების უნარის განვითარებას.

ინდოქტრინაცია: კონკრეტული, ეჭვგარეშე იდეოლოგიის დანერგვას, მდგრადობისა და სტატუსკვოს უზრუნველსაყოფად, ფიქსირებული ცოდნის შექმნას;

2. მასწავლებლის უფლებამოსილება (კონტროლი vs. ავტონომია) ავტონომია გულისხმობს, რომ მასწავლებლები არიან ავტონომიურები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში;

კონტროლი: მკაცრი კონტროლი ქმედებებზე, სასწავლო გეგმასა და სახელმძღვანელოებზე და სახელმძღვანელოების საშუალებით შექმნილ დისკურსზე. მასწავლებელი არის ნებადართული ცოდნის გადამცემი და დისციპლინის დამცველი;

3. სასწავლო რესურსი (სახელმწიფოს მიერ ნებადართული ერთადერთი სასწავლო რესურსი vs. მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი, სასკოლო სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსი;

4. მართვა (ავტოკრატიული მართვა vs. დემოკრატიული ლიდერობა)

დემოკრატიული ლიდერობა: კოლაბორაციული, მონაწილეობითი და განაწილებული ძალაუფლება. ავტოკრატიული მართვა: დომინანტური, იერარქიული და ზემოდან ქვემოთ მართვის სტილი;

5. თანასწორობა (უთანასწორობა ,ასიმეტრიული სტატუსი vs. სამართლიანობა+თანასწორობა). თანაბარი შესაძლებლობები გულისხმობს ყველა ჯგუფის საჭიროების გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას. უთანასწორობა და ასიმეტრიულობა გულისხმობს, რომ ხელმისაწვდომობა ხშირად არათანაბარია ან თანაბრად მიეწოდება ყველას მიუხედავად მათი საჭიროებისა;

6. სოციალური როლი (სოციალური სტრატიფიკაცია vs. სოციალური მობილობა).

სოციალური მობილობა - განათლება განიხილება როგორც სოციალური თანასწორობის ხელშემწყობი და აღმავალი მობილობის ძირითადი მექანიზმი. განათლება თამაშობს გამთანაბრებლის როლს. სოციალური სტრატიფიკაციისას განათლება გამოიყენება არსებული კლასობრივი და ძალაუფლების სტრუქტურების გასამყარებლად და რეპროდუცირებისთვის, რაც აფერხებს სოციალურ მობილობას;

7. ფოკუსი (შენარჩუნებაზე ორიენტირებულობა vs. განვითარებაზე ორიენტირებულობა)

დემოკრატიული სისტემები ცდილობენ განათლების სტრუქტურული პრობლემების მოგვარებით განვითარებას.

ავტოკრატიული სისტემები კი ხშირად ეყრდნობიან არსებული მოდელის შენარჩუნებას და ზედაპირულ ცვლილებებს, რაც პრობლემურ პრაქტიკებს ამტკიცებს და ზღუდავს განათლების რეალურ წინსვლას.

სტრუქტურული პრობლემების მოგვარების ნაცვლად იცვლება ელემენტები, ხოლო სტრუქტურული პრობლემები რჩება და ემსახურება სტაბილურობას.

შესაბამისად, ზოგადი განათლების ახალ კონცეფციაზე (თუ კონცეფცია შეიძლება ვუწოდოთ) დასკვნა თქვენთვის მომინდვია", - წერს განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები