საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შედის. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს ზღვარი 1500 ლარამდე იზრდება. ანუ მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლის(1500 ლარამდე) მხოლოდ 25%–ის გადახდა შეეძლებათ სესხში, რადგან ეს სები–ის მიერ დაწესებული ზედა ზღვარია. გარდა ამისა, ცვლილებები შედის იპოთეკური სესხების გაცემის წესშიც - ბანკებს მოუწევთ, მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული. აღნიშნული ცვლილება 1 მაისიდან შედის ძალაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები დაკრედიტების პირობების გამკაცრების შესახებ, სინერგიაშია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან, რომელიც დღესაც გამკაცრდა. მისივე თქმით, საკრედიტო აქტივობის შემცირება მიზნად ისახავს, რისკების ზრდის ტემპის შენელებას.
„რეფინანსირების გამკაცრებული განაკვეთი შეანელებს საკრედიტო აქტივობას, თუმცა სწორედ ეს არის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი.
რაც შეეხება მიღებულ ზომებს, უცხოურ ვალუტებზე სესხების ცვლილება დააჩქარებს დედოლარიზაციას, რაც ფინანსურ სისტემაში რისკების შემცირებას ნიშნავს.
შემოსავლის ზღვრის აწევა შეანელებს შინამეურნეობების ჭარბვალიანობის რისკების ზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
ხოლო, ცვლადგანაკვეთიანი სესხებისათვის ბუფერის გათვალისწინება განსაკუთრებით დროულია, მაშინ, როდესაც აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა უკვე აწია საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელია მისი კიდევ რამდენიმეჯერ გაზრდა.
ჯამში, ეს გადაწყვეტილებები სინერგიაშია მონეტარული პოლიტიკასთან“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას, მისი ინფორმაციით, თებერვლის მდგომარეობით, პორტფელის წლიურმა ზრდამ დაახლოებით 18% შეადგინა, მასში უცხოური ვალუტის წვლილი კი 7% იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკის გამკაცრების პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
„ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელში შესაძლებელია, რაც დღევანდელი მოცემულობით მდგრად დონედ შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, საბანკო ასოციაცია ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.




























