სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) აქვეყნებს მიმოხილვას თუ რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-16 პაკეტის აღსრულება მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, ამასთან გაურკვეველია როგორი იქნება რუსეთის საპასუხო ქმედებები.
ახლახან ევროკავშირმა მე-16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ – ნოვოროსიისკის ნავსადგურს. დამატებით სანქციები შეეხო ნავთობის გადაზიდვებით დაკავებულ 74 ტანკერს.
ორგანიზაციის შეფასებით, მანამდე მოქმედი სანქციები არ აღმოჩნდა ეფექტური, უფრო მეტიც 2024 წელს ნოვოროსიისკის ნავსადგურმა, ბოლო წლების ტვირთბრუნვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ევროკავშირმა ძალაში შეიყვანა სანქციების მე-16 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის მსხვილი ნავსადგურების საქმიანობის შეზღუდვისკენ.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტრანზაქციების სრული აკრძალვა წესდება რუსეთის რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ, კერძოდ „შავ სიაში“ მოხვდნენ – ბალტიის ზღვაზე პრიმორსკის და უსლტ – ლუგას, კასპიის ზღვაზე ასტრახანის და მახაჩყალის ნავსადგურები, გარდა ამისა დასანქცირებულია შავ ზღვაზე რუსეთის ყველაზე მსხვილი ნოვოროსიისკის ნავსადგური.
ხუთივე ნავსადგური ნავთობის გადაზიდვებზეა ორიენტირებული, თავიდანვე ნათელია ევროკავშირის განზრახვა „ჩრდილოვანი“ ნავთობის გადაზიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, მოქმედი სანქციების პირობებში ჯამურად რუსეთის ნავსადგურების ტვირთბრუნვამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს – 886.3 მლნ ტონას მიაღწია.
2024 წელს – ნოვოროსიისკის ნავსადგურმა ტვირთბრუნვის პიკურ მოცულობას – 164.8 მლნ ტონას მიაღწია, ისევე როგორ რუსეთის მეორე უმსხვილესმა სანავთობო ნავსადგურმა უსტ – ლუგამ – 135 მლნ ტონა.
აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკის ნავსადგური, რომელიც 80 %-ით ყაზახური ნედლი ნავთობით ივსება და მსოფლიოს ბაზრებს ნავთობით ამარაგებს, ამასთან ნავსადგურთან დაკავშირებულ კასპიის მილსადენის კონსორციუმის აქციონერები რუსეთის და ყაზახეთის გარდა, მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები (Chevron (აშშ) – 15%, Mobil (აშშ) – 7.5%, გარდა ამისა სახელმწიფო აქციების 7% ს ფლობს ომანი) არიან – რთულად წარმოსადგენია ირიბად მოხდეს ნოვოროსიისკის ნავსადგურის ფუნქციონირების შეფერხება. "აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე 16 პაკეტის აღსრულება მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს. ამასთან, გაურკვეველია როგორი იქნება რუსეთის საპასუხო ქმედებები", - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიმოხილვაში.