მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეზღუდვას - ბიზნესის ხმა

5e873583f0442
ელენე გოგბერაშვილი
04.04.20 09:10
5443

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის 7 მლნ ტონამდე შეზღუდვის საკითხს განიხილავს. რუსეთი თვლის, რომ ჯერ თავად რუსეთის და შემდეგ ევრაზიული კავშირის ქვეყნების შიდა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოში ხორბლის თითქმის 90% რუსეთიდან შემოდის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძირითადად რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, BM.GE შეეცადა გაერკვია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ შეზღუდვებს.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო, თუმცა ქართულ მხარესთან კონტრაქტები არ გაწყვეტილა. ლევან სილაგავას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ხორბლის ახალ მოსავლამდე 7 მილიონიან კვოტას ამოწურავს, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ მოვლენები პესიმისტური სცენარით წარიმართა, საქართველოს ამ გამოწვევაზე საპასუხოდ საკმარისი რესურსი აქვს.

ამ წუთში მდგომარეობა არის სტაბილური. ეს პროექტი გამოცხადდა სადღაც 25 მარტს, მას შემდეგ გასულია 7 დღე. იდეაში ამაზე ლაპარაკი მიდიოდა და ამას ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ კონტრაქტები არ გაწყვეტილა.

აჟიოტაჟი მოხდა რუსეთში. რუბლის კურსი დაეცა, შესაბამისად, საექსპორტოდ მიმზიდველი იყო მათ შორის ხორბლის გამოტანა და ადგილბრივ ბაზარზე ხორბლის მიწოდება შეაჩერეს ადგილობრივმა მიმწოდებლებმა იქიდან გამომდინარე, რომ ფასმა გარკვეული მომხიბვლელობა შეიძინა. ზოგმა გააჩერა გაყიდვა და შეინახა,  ზოგმა ექსპორტზე მიმართა. შესაბამისად, იძულებული იყო რუსეთის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს არ ეხება მხოლოდ ხორბალს.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რაზეც არის საუბარი, 7 მლნ ტონაზე, არ არის ის მოცულობა, რომელიც შეიძლება ამოწუროს რუსეთმა ახალი ხორბლის მოსავლამდე. ეს არის 1 ივლისი. ეს იყო ერთგვარი რეაქცია ბაზრის დასაწყნარებლად. გარკვეულმა აჟიოტაჟმა ჩაიარა და დღესდღეობით გარკვეულწილად დასტაბილურდა ბაზარი“, -აცხადებს სილაგავა.

მისი თქმით, პირობითად თუ ხორბლის იმპორტს რუსეთიდან პრობლემა შეექმნა, ქვეყანაში 2-2,5 თვის მარაგი არსებობს.

„ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მიწოდების ჯაჭვი გაწყდება, ჩვენ მაინც მივალთ ახალ მოსავლამდე“-აცხადებს სილაგავა.

ხორბლის იმპორტიორების ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში რამდენიმე დღე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს და დაწესებულებები არ მუშაობს, რა პირობით გაგრძელდება კონტრაქტების შესრულება, უცნობია.

ჯერჯერობით, ეს არის მხოლოდ პროექტი. მომდევნო კვირაში გვეცოდინება რა სიტუაცია გამოისახება რუსეთში. ყველა ზრუნავს თავის სახელმწიფოზე, ყველას უნდა თავისი მარაგი ჰქონდეს.

არ განვიხილავ, რომ  ფქვილის დეფიციტი შეიქმნება. მარაგები არის, ახალი კოტრაქტები და ვალდებულებები არსებობს, რომელიც უნდა შესრულდეს, ამას ვერ ჩაკეტავს რუსეთი. ახალი სეზონიც მოსულია. აცხადებენ, რომ მოსავალი ნორმალური აქვთ. ექსპორტს რომ პრობლემები შეექმნას, შესაძლებელია,  არ გამოვრიცხავ. რუსეთი რას მოიმოქმედებს, ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არამგონია, თავისი ეკონომიკის დამსხვრევა რაში აწყობს.

თუ დაიკეტება რუსეთი, არის სხვა ალტერნატივა, ევროპა, ამერიკა...  თუ რუსეთი ამას მოიმოქმედებს, სახელმწიფო დონეზე მოხდება ალტერნატიული წყაროებიდან ხორბლის შემოტანა და დასაწყობება“, - აცხადებს ხორბლის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორის მოადგილე დავით ლორია.

ქართველი ტრეიდერების მეორე ნაწილი ამ ეტაპზე ერთადერთ გამოწვევად რუსული ხორბლის ფასებს მიიჩნევს, რაც ბოლო პერიოდში 20%-25%-ით გაიზარდა.

ხორბლის ფასები გაიზარდა. პირობითად თუ იყო სამის კვირის უკან 210 დოლარი, დღეს არის დაახლოებით 240 დოლარი, თუმცა ჩვენ, როგორც ხორბლის ტრეიდერები ვფიქრობთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სუსტი სეზონი ხორბლის ფასის ზრდისთვის და როგორც წესი ასეთ დროს ფასი მოდის ქვემოთ, როცა ახალი მოსავლის მოლოდინი არის კარგი და ამ წელიწადს ამის მოლოდინი არის კარგი, აქედან გამომდინარე, ეს ფასის ზრდა არის მხოლოდ დროებითი.

ჩვენი წარმოდგენით ეს ფასები 2-3 კვირაში დამშვიდდება. ამ წუთას იმპორტის არანაირ შეფერხებას არ ველით“, - აცხადებს „აგრიკომის“ დამფუძნებელი ქეთევან კუბლაშვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პირობას იძლევა, რომ ხორბლის მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება.  იმ შემთხვევაში კი, თუ მთავარი მომწოდებელი მკაცრ ზომებს მიიღებს, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ხორბლის რესურსს სხვა ალტერნატიული წყაროებიდან მიიღებს.

2019 წლის განმავლობაში საქართველომ $105 მილიონის ღირებულების 500 000 ტონა ხორბალი შეიძინა, აქედან რუსეთიდან შეძენილი ხორბლის მოცულობამ $90.6 მილიონი დოლარი შეადგინა.


საქართველოსთვის ხორბლის მომწოდებელი ქვეყნების სამეულში შედიან, ასევე, ყაზახეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ქართველი ტრეიდერები ყაზახეთს გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე რუსეთის ალტერნატივად არ განიხილავენ, თუმცა მათთვის საინტერესოა ამერიკის ბაზარი, საიდანაც USAID-ის 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში ხორბლის პარტიები უკვე შემოვიდა. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ დოლარია. ამ ქვეყნიდან ხორბლის დამატებითი პარტიების შემოტანაზე ქართველი ტრეიდერები ინდივიდუალურად მუშაობენ.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები