“ხვიჩას ეფექტი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო და დღესაც ძალიან დიდია. თანაც არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ ქვეყანაში. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ინტეგრირებულია, როგორც ფეხბურთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, ასევე, თითქოს საერთოდ დაუკავშირებელ ინდუსტრიებში. ეს, ცხადია, გარდაუვალი იყო ჩვენი პლატფორმის შემთხვევაშიც”, - ამის შესახებ Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ლევან გვარამიამ TECH INFORM-ში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ მიიღო Setanta Sports-მა ხვიჩა კვარაცხელიას, ანუ “ნაპოლის” თამაშების ჩვენების გადაწყვეტილება ტელევიზიაში და არა ექსკლუზიურად სტრიმინგ-პლატფორმაზე, ლევან გვარამია აღნიშნავს, რომ ეს Setanta Sports-ის ახალი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა.
“მომხმარებლების იმ მცირე რაოდენობას, ვინც ჩვენს კონტენტს მხოლოდ ტელევიზორში უყურებს და არა პლატფორმაზე და ვინც, შეიძლება ახალი მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც პლატფორმაზე სწორედ ახლა ადაპტირდებიან “ხვიჩას ეფექტის” გამო, შევაძლებინეთ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებისთვის Setanta Sports-ის ხარისხით ეყურებინათ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ეს იყო და ადამიანებს, რომლებიც სპორტს ალღოს ახლა უღებენ, ახლა მოდიან და ცდილობენ, ამ ფერხულში ჩაებან, მივეცით საშუალება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებისთვის ტელევიზორში Setanta Sports-ის ხარისხით ეყურებინათ”, - განმარტავს ლევან გვარამია TECH INFORM-ში სტუმრობისას.