მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით მთავრობას? - შამუგია

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება იგეგმება, თუმცა პროცესი რთულია და არც ისეთ შედეგს იძლევა, როგორი მოლოდინიც არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრაზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პროცესი არის შემდეგნაირად. მე და ჩემი კოლეგები არაერთხელ ვხსნით ამ პროცესს - პირველ ეტაპზე ერთი არის შესაბამისი სადგურები, რადარები, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას. ქვეყანაში ორი უახლესი რადარი გვაქვს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების გაკეთება და შემდგომ უკვე უშუალოდ ადგილებზე დამონტაჟებული სადგურები გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა დონის ნალექი მოვიდა და ა.შ. ხეობების, მყინვარების შეფასება კიდევ ცალკე პროცესია, რომ გაკეთდეს შესაბამისი მოდელირება, თუ სად რა ტიპის საფრთხე შეიძლება არსებობდეს და ამ მოდელირების საფუძველზე დაიგეგმოს იქ შესაბამისი გაფრთხილების, შეტყობინების სისტემა, რომელიც იმ ხეობას უნდა ერგებოდეს, რომელზეც კონკრეტულად ვსაუბრობთ.

ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომ ჯერ შეფასდეს არსებული ვითარება და შემდგომ დაიგეგმოს ღონისძიებები, რომლებიც რეალურად მოგვცემს შედეგს. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რეკომენდაციები, როცა რისკების შეფასების შემდეგ, რომელიმე ხეობაში დადგინდა, რომ მაღალია რისკი და მოდელირებით საფრთხე ემუქრება მოსახლეობას, ან სხვა ინფრასტრუქტურას. ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში საუბარი არის მოსახლეობის გაყვანაზე, გასახლებაზე, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში, როცა საუბარია მოსახლეობაზე, ეს სისტემები არ მუშაობს, რადგან აქ დროს აქვს მნიშვნელობა, თუ რა დროში შეიძლება ეს სტიქია განვითარდეს, და თუ ეს დრო მცირეა, მაშინ რეაგირება შეუძლებელი იქნება. მთელი პროცესია, სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების განხორციელების“, - განაცხადა შამუგიამ.

რაც შეეხება ადრეული მონიტორინგის სისტემებს, BMG-ის კითხვებზე, როდის დამონტაჟდება, რამდენია ბიუჯეტი და ა.შ., მინისტრი პასუხობს:

„როგორც ცნობილია პროექტი 2018 წლიდან დაიწყო. ის მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ეს არის შესაბამისი რუკების შედგენა, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს რუკები უკვე წლის ბოლოსთვის, მაქსიმუმ მომავალი წლის გაზაფხულისთვის იქნება მზად. აქაც 170 ასეთი სადგური დღესაც მოქმედი გვაქვს ქვეყანაში. დაახლოებით 1 წელიწადში გვექნება დამატებით 150 სადგური დამონტაჟებული და სისტემაში მოყვანილი. ეს არის მთელი პროცესი, რომელიც პროექტის და საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მონაწილეობით ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალი წლისთვის, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, რომ პირველ რიგში შევაფასოთ ყველა ის რისკის ზონა. ჩვენ 22-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, რომელზეც პროცესები არის შესაფასებელი და ამ პროცესში იქნებიან ჩართული სპეციალისტები და სხვა ისეთი კომპანიები, რომლებსაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ“, - აღნიშნა მან.