2025 წლიდან უშვილო წყვილებს რეპროდუქციული სერვისები, შესაძლოა, სახელმწიფომ დაუფინანსოს. აღნიშნულ ინიციატივას, გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი/კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე დადებითად აფასებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, აღნიშნული სერვისი ძვირია და დაფინანსების გარეშე, რთულია მისი მიღება.
„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ვინც ამ სერვისს არ აფინანსებს და მთავრობის მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ ამას დააფინანსებს. რაც არ უნდა ვისაუბროთ, ეს ძვირი სერვისია და საქართველო კი არა სხვა ქვეყნებიც ვერ გაწვდება პაციენტი, თუ მას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დახმარება არ ექნება.
ინ ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) 10 000 -დან 18 000 ლარამდე ჯდება, თავისი წამლით და ყველა მომსახურებით. ჩვენ თუ განვიხილავთ მარტო პროცედურას, მარტო პროცედურა რეალურად არ არსებობს და აქედან გამომდინარე ინ ვიტრო განაყოფიერება 5 000 ლარი არ ჯდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. უნდა შევჯერდეთ, რა შემთხვევაში უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ.
არ შეიძლება ისეთი შემთხვევა დააფინანსო, როდესაც ნეგატიურ პასუხზეა განწირული, შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. შედეგზე ორიენტირება ნიშნავს იმას, რომ ის წყვილი დავაფინანსოთ რომელსაც აქვს შანსი ეს გამოუვიდეს“, - განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, გეტყვით რომ საქართველოს რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია წლებია მოქალაქეებისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, თუმცა როგორც ასოციაციის პრეზიდენტი bm.ge-სთან აცხადებდა, ამ დრომდე საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო მოქალაქეს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტას ხელოვნური განაყოფიერების გზით არ უფინანსებს. ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 000 უშვილო წყვილს აქვს.
არჩილ ხომასურიძის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.