კომპანია “დიდოსტატის" დამფუძნებელ თინათინ სამყურაშვილის თქმით, ხის კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია და ყველაზე მოთხოვნად ადგილად თბილისის შემოგარენი რჩება.
როგორც თინათინ სამყურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბოლო ორი კვარტალია, ფასი აღარ იზრდება.
„ბოლო 2 კვარტალია ფასები დასტაბილურდა, კვ/მ-ის ფასი 1200-1300 ლარს შორის მერყეობს. 2021-2022 წლებისგან განსხვავებით, ზრდას ადგილი არ ჰქონია. მანამდე ომის პერიოდში, კოვიდის დროსაც შეინიშნებოდა ნახტომისებური ზრდა. ძირითადად, დამოკიდებულები ვართ იმპორტირებულ მასალაზე, ამიტომ თუ ნედლეული გაიაფდება, ცხადია, ამას ავსახავთ გასაყიდ ფასში, თუმცა ამ ეტაპზე, ამის წინაპირობა არ არსებობს. ბოლო დროს, პირიქით, ლარის კურსიც უფასურდებოდა და საწვავიც ძვირდებოდა.
რაც შეეხება მოთხოვნას, კოტეჯებზე მოთხოვნა არ შემცირებულა; ძალიან დიდი აქტიურობა იყო ზაფხულში. ახლაც ჯავშნები გაზაფხულამდე გვაქვს. უცხოეთიდანაც გვყავს მომხმარებელი, მაგრამ უმეტესად ქართველები არიან. ერთეული კოტეჯები აგვიშენებია მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა დატვირთვა საკურორტო ზონებსა და თბილისის შემოგარენზე მოდის", - განაცხადა სამყურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ზრდა ეხება თბილისში არსებულ როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 5.2% იყო, კერძო სახლების სეგმენტში კი - 6.2%. თუ მონაცემებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, წლიურად ბინების გასაყიდი ფასი 15.7%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლები - 13.4%-ით.