2020 წლის ოლიმპიური თამაშები პანდემიის გამო 2021 წელს ტოკიოში დახურულ არენებზე ჩატარდა. შესაბამისად წლევანდელ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებლებს უკვე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ და მონატრებულმა გულშემატკივრებმა ბილეთები ელვის სისწრაფით შეიძინეს.
გახსნით ცერემონიალზე დასასწრები ბილეთების საფასური 90-დან 2700 ევრომდე მერყეობს, თუმცა 90 ევროიანი ბილეთები საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. დახურვის ცერემონიალზე დასწრების მსურველებს ბილეთებში 45-დან 1600 ევრომდე თანხის გაღება მოუწევთ და ამ დროისთვის ყველაზე იაფ ფასში 600 ევროიანი ბილეთებია დარჩენილი.
ჩოგბურთის საკვალიფიკაციო თამაშების ბილეთები 260 ევრო ღირს, ხოლო სატანვარჯიშო ღონისძიებაზე დასწრება, მაშინ როცა მედლის დასაკუთრებაზე მიდის შეჯიბრება 380 ევროდაა შეფასებული.
კრივში პირველი დაპირისპირებების ღირებულება 210 ევროდ ფასდება, ხოლო მედლების გასათამაშებელ ბრძოლებზე დასწრება 520 ევრო ღირს.
ყველაზე ძვირი ფასები ბურთით სათამაშო სახეობებს ადევს. მაგალითისთვის მამაკაცთა საკალათბურთო მატჩის ფინალის ღირებულება 125-დან 980 ევრომდე მერყეობს. ქალთა ფინალზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 95 ევრო ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი 510 ევროდ ფასდება.
ცურვისა და მძლეოსნობის ფასები იგივეა, მედლისთვის შეჯიბრებაზე დასასწრები ყველაზე ძვირი ბილეთი 980 ევრო ღირს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთო ბილეთების რაოდენობის 10%-ს (1 მილიონი ბილეთი) ყველაზე იაფი 24 ევროიანი ფასი დაადო, თუმცა ეს იქნება სანახაობიდან ყველაზე შორს და ყველაზე ცუდი კუთხის არეს მქონე ადგილები.
მედალთა გათამაშებაზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთები მიზანში სროლის ჩემპიონატზე იყიდება, სადაც ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ 45 ევროა საჭირო. მას შემდეგ კი გოლფი მოდის, რომლის მედალოსანთა დაპირისპირების ფასიც 80-150 ევრომდე განისაზღვრა.
ფასებით უკმაყოფილო დარჩა გულშემატკივართა უმრავლესობა, თუმცა პარიზის საორგანიზაციო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტონი ესტანგუემ განაცხადა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისას არსებული ფასებისა და ინფლაციის გათვალისწინებით ფასთა ღირებულება დიდად არ შეცვლილა:
“2012 წელს ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები მინიმალური ფასი 20 გირვანქა იყო, რაც დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით 27 ევროა, ხოლო მაქსიმალური ღირებულება 725 გირვანქა, რაც დღევანდელ 1000 ევროს აჭარბებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ პარიზულ ღონისძიებაზე ბილეთები უფრო იაფია ვიდრე ეს 2012 წელს ლონდონში იყო. ამასთან ფასები ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტს აბალანსებს, რადგან ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთების ღირებულება ყველაზე იაფიანს ასუბსიდირებს” - განაცხადა ტონი ესტანგუემ.
2012 წელს ლონდონში 8,8 მილიონი ბილეთის 75% ხელმისაწვდომი იყო ფართო მასებისთვის საიდანაც 2,5 მილიონი ბილეთი 20 გირვანქა ან უფრო იაფი ღირდა ხოლო დანარჩენი 50 და 100 გირვანქაზე ძვირი. თუკი ინფლაციას გავითვალისწინებით მაშინდელი 100 გირვანქიანი ბილეთები დღეს 144 ეღირებოდა, 50-იანი 72, ხოლო 20-იანი 29 გირვანქა.
რაც შეეხება 2016 წლის რიოს ოლიმპიადას დაახლოებით 3,7 მილიონი ბილეთი 30 დოლარად ან უფრო იაფად გაიყიდა, რაც დღევანდელი ინფლაციით 23 გირვანქა სტერლინგია.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 10 მილიონი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი, საიდანაც 8 მილიონი ფართო მასებზე გასხვისდა, ხოლო 2 მილიონი უშუალოდ ფედერაციებსა და სპონსორებს გადაეცათ.
ბილეთები ფაზებად გაიყიდა, აქედან 3,25 მილიონი პირველ ფაზაში, ხოლო მეორე ფაზაში კიდევ დამატებით 1,5 მილიონი ბილეთი გამოიტანეს, რაზედაც 4 მილიონი ინდივიდუალური პირისგან იყო მოთხოვნა. 2023 წლის ნოემბერში კიდევ დამატებით 400 ათასი ბილეთი გამოვიდა გასაყიდად.
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი ბილეთი სრულად უფასოდ დაარიგა, მათ შორის 258 800 ცალი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოწაფეებზე, 100 ათასი სპორტის საქმიანობაში ჩართულ მოხალისეებზე, 17 400 შშმ და მათი თანმხლები პირებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლობისთვის 25 ათასი.
ყველა ბილეთი ციფრულად იყიდება, მაგრამ მათ ვისაც ბილეთის სუვენირად, ფიზიკური სახით შენახვა სურს დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, სადაც საქართველო 28 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.