მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჰქონდა სათქმელი ირაკლი კობახიძეს ბიზნესმენებისთვის და რა კითხვა დასვა თამაზ დაუშვილმა?

ბიზნესთან შეხვედრა

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ბიზნესის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფორმატი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ჩაღრმავების საშუალებას არ იძლეოდა. მან ამის შესახებ "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს 4 ივლისს შეხვდა.

როგორც თამაზ დაუშვილი ამბობს, კობახიძის მხრიდან გაკეთდა ეკონომიკის მიმოხილვა და გამოითქვა სურვილი ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. დაუშვილის თანახმად, მან ყურადღება ასევე კორუფციასთან ბრძოლაზე გაამახვილა.

"იყო მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის, ბოლო წლებში ეკონომიკის განვითარების, თუ რა გამოწვევების წინაშე იყო ჩვენი ქვეყანა ზოგადად. მათ შორის ძალიან მცირე მიმოხილვა იყო ასევე რეგიონში არსებული პრობლემების და შიდა პოლიტიკური პრობლემებიც, ძალიან მოკლედ.

სურვილი იქნა გამოთქმული, რომ მაქსიმალურად, მთავრობა იქნება განწყობილი, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ა.შ.

საინტერესო თემები იყო. პრემიერ-მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება კორუფციასთან დაკავშირებით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავრობის პრიორიტეტი და მთავრობას აქვს სურვილი, საქართველო ევროპის მასშტაბით სამეულში მოხვდეს ყველაზე დაბალკორუმპირებულ ქვეყნებს შორის. ასევე, იყო ციფრებზე საუბარი, თუ რა პერსპექტივაა ჩვენთან ეკონომიკური ზრდის.

არ იყო ასეთი ფორმატი, სადაც შეიძლებოდა ჩავღრმავებოდით პოლიტიკურ საკითხებს. ძირითადად, ბიზნესმენებს აწუხებდათ ის თემები, რაც ბიზნესს აწუხებს",- ამბობს თამაზ დაუშვილი.

ბიზნესმენის თქმით, მან შეხვედრაზე კითხვა დემოგრაფიული გამოწვევების შესახებ დასვა, რაზეც ვრცელი პასუხი მიიღო.

"ჩემი კითხვა შეეხებოდა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მე და ყველას ერთად გვაწუხებს, რაზეც ალბათ, ზეგავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდება ბოლო წლებში, არასტაბილურობა, გაურკვევლობა, პოლარიზაცია და ა.შ. - ეს არის ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. მოსახლეობა მცირდება და ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ, მიდის უცხოეთში. ჩემი აზრით, ეს ინდიკატორი ყოველთვის თან უნდა ახლდეს ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ინდიკატორებს. ამას ეხებოდა ჩემი კითხვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაში არ კეთდება საკმარისად ის, რომ მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა არ მიატოვონ ჩვენი ქვეყანა. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

[ირაკლი კობახიძის] პასუხი იყო, საკმაოდ ვრცლად იყო საუბარი თუ რა არის გამომწვევი მიზეზები, რომ ზოგადად მოსახლეობა იზრდება, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. [ირაკლი კობახიძეს] ეს ნამდვილად მიაჩნია პრობლემად. თქვა, რომ ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რომ პატრიოტული სულისკვეთება მეტად გაღრმავდეს",- ამბობს თამაზ დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები