მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონპროექტით?

64749afce3de2
BM.GE
29.05.23 22:30
854
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემა; შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივ-ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა - მდინარეთა სააუზო მართვა.

მისი თქმით, სააუზო მართვის პრინციპები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივას ეფუძნება და მიზნად ისახავს ქვეყანაში წყალსარგებლობის საკითხების იმგვარად რეგულირებას, რომ თავიდან ავიცილოთ სამომავლო კონფლიქტი და უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება.

წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის წყალსარგებლობის ნებართვების აღება, ბიზნეს ოპერატორების მხრიდან და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც მათ უნდა წარმოადგინონ წყლის სარგებლობის ნებართვის მისაღებად. ამავდროულად კანონპროექტს შემოაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეეხება მოსაკრებლის ოდენობის დადგენას წყალსარგებლობისათვის. ადგენს წყლის სახელმწიფო მონიტორინგისა და მათ შორის წყალდიდობების რისკების პრევენციისთვის სახელმწიფო ორგანოების გასატარებელ შესაბამის ღონისძიებებს.

მომხსენებლის თქმით, იმ დროისათვის, როდესაც ქვეყანა მდინარეთა აუზების მიხედვით დაიყოფა, კანონპროექტი განსაზღვრავს სააუზო მართვის სისტემის შემუშავების წესებს და მოთხოვნებს.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც მარეგულირებელ პრაქტიკაში გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გადაჭრას, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობების აღმოფხვრას.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ აქამდე მოქმედი კანონი.

კანონპროექტის რეგულირების სფეროს წარმოადგენს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი და ეხება ნებისმიერ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, გარდა სამხედრო მიზნით მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებისა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტში ასახული დებულებების შესაბამისად, მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული საქმიანობების მიმართ ეროვნული მარეგულირებელი რეჟიმის ჩამოყალიბება ემსახურება ორ ძირითად მიზანს: ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, როგორც ახლა, ისე მომავალში. ასევე, მაიონებელი გამოსხივების წყაროების ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობას.

კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, ეს არის კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამრეწველო ემისიების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავდა ევროკავშირის დახმარებით.

„კანონპროექტი აწესრიგებს ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება სამრეწველო საქმიანობების რეგულირებას და მათი მხრიდან ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. კანონპროექტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსხვილმასშტაბიან და გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელ საწარმოებს მოუწევთ მთელი რიგი ახალი ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

პროექტით ასევე გამკაცრდება მაღალი რისკის მქონე საწარმოების შემოწმების მექანიზმები. პროექტი განსაზღვრავს თვითმონიტორინგის ვალდებულებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, განხილული კანონპროექტები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები