მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იგეგმება წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში?

შავი ზღვა კაბელი

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად-განხორციელებადია.

BM.GE დაინტერესდა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რა პროცედურები და სამუშაოები განხორციელდება მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განმარტავენ, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია სატენდერო პროცედურების დაწყება შავი ზღვის ფსკერზე გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევების ჩასატარებლად.

ამასთან, როგორც BM.GE-ის სახელმწიფო კომპანიაში უთხრეს, ვინაიდან, შავი ზღვის ფსკერის კვლევის დროს, გემმა უნდა გადაკვეთოს შავ ზღვაში არსებული, მათ შორის თურქეთისა და ბულგარეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები (EEZ), მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია საჭირო პროცედურების ან თანხმობის მისაღებად.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოსავლენად, საქართველოს ინიციატივით, 2022 წლის მაისში დაიწყო. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იტალიურმა ენერგეტიკულმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა მოამზადა. კომპანიამ ბუქარესტში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე კვლევის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, „აზერენერჯის“, National Power Grid Company Transelectrica S.A-სა (რუმინეთი) და „MVM Zrt”-ს (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას.

საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები