კვირის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. განახლებული პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტი–რეკორდს დაამყარებს - გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება. რა გავლენა ექნება გლობალურად შენელებულ ეკონომიკურ ზრდას და ვაჭრობას განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებზე – „ანალიტიკა“–ს ამ და სხვა კითხვებს ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო ბანკის პროგნოზების დეპარტამენტის დირექტორმა და ვიცე–მთავარმა ეკონომისტმა აიჰან კოსემ უპასუხა.
მოგესალმებით, ბატონო აიჰან. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გლობალური ეკონომიკა ბოლო ათწლეულის ანტი–რეკორდისთვის ემზადება – ასეთია მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პროგნოზი. თუ ამ მიგნებას კარგ და არც ისე კარგ ამბებად დავყოფთ, რა იქნება თქვენი მთავარი აქცენტები?
რამდენიმე კარგი ამბავია. თუ გავითვალისწინებთ იმ მრავალ შოკს, რომელიც გლობალურმა ეკონომიკამ განიცადა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მასშტაბური კრიზისის მომსწრენი არ გავმხდარვართ. გლობალური ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ზრდა შენარჩუნებულია. შარშან მსოფლიო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზარდა, წელს ზრდა 2.4% იქნება. შარშან წლის დასაწყისში ბევრი ადამიანი მოელოდა, რომ ამერიკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდებოდა. თუმცა, ის ძალიან მედეგი გამოდგა. შესაბამისად, ამის და ინდოეთის მედეგი ზრდის, ინდონეზიის, მექსიკის სტაბილური ზრდის გამო, მსოფლიო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზარდა. წელს უფრო ნელი ზრდა იქნება. თუმცა, ზრდა თავისთავად უკვე კარგი ამბავია. არც ისე კარგი ამბავი ისაა, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდის ტრენდს ვუყურებთ, ამ ათწლეულის დასაწყისიდან დღემდე ანუ 2020–2024 წლებში – 1990–იანი წლებიდან მოყოლებული, წინა ათწლეულების შუა პერიოდებთან შედარებით, გლობალური ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი ყველაზე დაბალი იქნება. შარშან გლობალური ვაჭრობა თითქმის 0%–ით გაიზარდა. წელს, მოლოდინი გვაქვს, რომ ტემპი ოდნავ უფრო მეტად დაჩქარდება, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ მაჩვენებელს, რაც მსოფლიოს პანდემიამდელ ათწლეულში ჰქონდა. გარე ფაქტორების ჭრილში, რაც გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე – ეს სცილდება მხოლოდ გლობალურ ვაჭრობას. საკმაოდ რთული სურათია დაფინანსების კუთხით, საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია, გეოპოლიტიკური რისკები მზარდია – ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რომელიც საკმაო შეშფოთებას იწვევს.
რა არის ამ ანტი–რეკორდის მთავარი მიზეზი? კოვიდთან ბრძოლას ვაგებთ ეკონომიკურ ტერმინებში? რუსეთ–უკრაინის ომი ახდენს ასეთ გავლენას? რასთან გვაქვს საქმე?
აქ რამდენიმე მიზეზია. პანდემია ამ მიზეზების დასაწყისია. შემდეგ – ინფლაციის შოკი. საპროცენტო განაკვეთების გაძვირება, ძალიან მოკლე პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვნად. ასევე – რა თქმა უნდა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში. დღეს კი უკვე – ახლო აღმოსავლეთში ვაკვირდებით მასშტაბურ კონფლიქტს. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდებოდა, როცა ქვეყნების უმრავლესობას ვალის მაღალი დონე ჰქონდა. ამას ემატებოდა ძალიან დაბალი გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციების ზრდის ძალიან ნელი ტემპი ბევრ ქვეყანაში. როდესაც ამ ყველაფერს დააჯამებ, სამწუხაროდ, არასასიამოვნო შედეგი გარდაუვალი ხდება – ყველაზე დაბალი ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში წერს, რომ ეს ათწლეული ტრანსფორმაციული უნდა ყოფილიყო – რა იყო ტრანსფორმაციული ამ დეკადაში და რაზე მიიტანა ყველაზე დიდი დარტყმა გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ?
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს მივუახლოვდებოდით მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. ეს მიზნები თითქმის 10 წლის წინ დაისახა. ჩვენ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ შევამცირებდით უკიდურეს სიღარიბეს, რომ შევამცირებდით CO–ს გამოყოფას, რომ გავაუმჯობესებდით განათლების ხარისხს, გავზრდიდით ინკლუზიურობას. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევდით. პროგრესს სჭირდება ეკონომიკური ზრდა. მრავალი შოკის პირობებში კი – პირიქით – სამწუხარო შედეგამდე მივედით.
დღეს რა არის მწვანე დღის წესრიგი მსოფლიოსთვის – შესაძლებლობაა თუ გამოწვევა? ბევრი ანგარიში ვნახე, სადაც მდგრადობაზე აქცენტი შექმნილ ვითარებაში ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად შენელების წინაპირობად არის განხილული. მსოფლიო ბანკი როგორ უყურებს ამ თემას?
ჩვენი აზრით, მწვანე დღის წესრიგი უდიდესი შესაძლებლობების წყაროა. და არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის; განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ენერგეტიკული ტრანზიცია აუცილებელია – კლიმატის ცვლილებას არ აქვს გავლენა მსოფლიოს მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებზე, გავლენა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეს წვდება – მაგალითად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების ხარჯის თვალსაზრისით. შარშან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ამდენად – ენერგეტიკული ტრანზიცია აუცილებელია – ამას კი დასჭირდება ინტელექტუალური, ინოვაციური, ეფექტიანი და ეფექტური ინვესტიცია ძირითად ინფრასტრუქტურაში, რაც დააჩქარებს ტრანზიციის ამ პროცესს. ამ ტიპის პროექტები, ჩვენი აზრით, გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას. რა თქმა უნდა, სიტყვა – ტრანზიცია – უკვე თავისთავად გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტებით შევძლებთ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.
ანგარიშის გაცნობისას, ჩემთვის ასეთი სურათი შეიკრა – ერთი მხრივ, ინფლაცია მცირდება, მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქების გზას ადგას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ამის მიუხედავად, გეოპოლიტიკური თუ სხვა რისკების ფონზე – საპროცენტო განაკვეთები მაინც ძვირია – როგორი სურათია ეს?
კარგი ამბავია ის, რომ ინფლაცია მცირდება. და მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები მართლაც რეკორდულად მაღალია, შემცირებული ინფლაცია მაღალ უმუშევრობაში არ ითარგმნება. ცენტრალური ბანკები ჩაერივნენ და გაზარდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები. ნორმალურ სიტუაციაში – მოლოდინი იქნებოდა, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა, უმუშევრობა გაიზარდა – ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი გვაქვს, რომ ამ წლის განმავლობაშიც არ მოხდება – პირიქით, ნელ–ნელა ეკონომიკური ზრდის ტემპის აჩქარებას და საპროცენტო განაკვეთების კლებას დავაკვირდებით. მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ინფლაციასაც ითვალისწინებს, კვლავ მაღალი რჩება და ასეც დარჩება ახლო მომავალში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს, რომლებსაც ვალის მაღალი დონე აქვთ, ვალის მომსახურების ხარჯი გაეზრდებათ. დაბალი ეკონომიკური ზრდის და მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ვალის დაფარვა უფრო რთული იქნება. დაფინანსების პირობები საკმაოდ გამკაცრდება. ამდენად, ერთი მხრივ, კარგი ამბები გვაქვს – ინფლაცია მცირდება და ყველა მოლოდინით, ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ – მაგრამ ამასთან, რეალური საპროცენტო განაკვეთები მაინც მაღალი დარჩება და ამას აქვს თავისი შედეგები – განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ვალის მაღალი დონე აქვთ. ეს ჩვენ – მსოფლიო ბანკს – ძალიან გვაშფოთებს.
ლოგიკურია მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებიც. აქცენტი ინვესტიციების მოზიდვაზე და ფისკალური ჩარჩოს შექმნაზე, რომელმაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. გთხოვთ, მეტი გვითხარით ამ მიმართულებით.
როცა ქვეყნებს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებით – 1950 წლიდან – რასაც მუდმივად ვამჩნევთ ის არის, რომ ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს ინვესტიციების ზრდა, სტაბილურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში – ეს ნიშნავს 6 და მეტ წელს – ამ ზრდის დივიდენდებიც მიიღეს – პროდუქტიულობის ზრდა, ფისკალური პოზიციის გაუმჯობესება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. იმისთვის, რომ ეს შედეგები დადგეს, ქვეყნებს სჭირდებათ ფისკალური ჩარჩო – საშუალო–ვადიანი გეგმა – როგორი მიდგომა ექნებათ დეფიციტთან, ვალთან. ეს ნიშნავს ინსტიტუციების გამართვას, საკუთრების დაცვას, კერძო სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს და რა თქმა უნდა, განათლებული, უნარიანი სამუშაო ძალა კრიტიკული მნიშვნელობის წინაპირობაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ამდენად, ფისკალური ჩარჩოს არსებობა მნიშვნელოვანია – ეს პირველი ნაბიჯია იმის გასააზრებლად თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ინვესტიციების ზრდა. ამას გარდა, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოც უნდა გაუმჯობესდეს და რა თქმა უნდა, საფინანსო პოლიტიკა – რეგულაციები და ზედამხედველობა – ესეც უნდა გაუმჯობესდეს. რა არის აქედან გამოსავალი? თანმიმდევრული პოლიტიკა. არსებობს ქვეყნები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და მიიღეს მნიშვნელოვანი დივიდენდები, რაც ინვესტიციების თანმიმდევრულ ზრდას უკავშირდება. მხოლოდ გამართულ სისტემას შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ტიპის საინვესტიციო ბუმს, რაც შემდეგ ეკონომიკურ ზრდაში და კეთილდღეობაში გადაიზრდება.
რა წონა აქვს ინდივიდუალური ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში გლობალური ეკონომიკის შენელებას? მესმის, რომ საქართველოზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებთ, მაგრამ მაინც – შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რაიმე ტიპის კონკურენტული უპირატესობა შეიძლება იყოს შექმნილ ვითარებაში?
ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის დივერსიფიცირებული ძრავები ჰქონდეთ. ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის – თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ შიდა ბაზარი კარგად მუშაობდეს . დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს გარემო განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოწვევებით არის სავსე. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სწორი – ნათლად ჩამოყალიბებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით, ქვეყნებმა შეიძლება მიაღწიონ ეკონომიკურ ზრდას. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება ნდობა ინსტიტუციების მიმართ და რეფორმების პაკეტი.
ასეთ ვითარებაში, იტყოდით თუ არა, რომ IMF–ის ჩართულობა ამ ჩარჩოების ჩამოყალიბებაში შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს? საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაშია წარმოდგენილი– როგორ ფიქრობთ, ეს არის ის, რასაც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებას აქცევენ: ზრდის თუ არა IMF–ის არსებობა ქვეყანაში მათ ნდობას – მათ შორის, ამ ჩარჩოების მიმართაც?
ვფიქრობ, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის სპეციფიკა, რაც ინდივიდუალურად ქვეყნებს ახასიათებს. თუ ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას არჩევენ, ამის მიზეზიც აქვთ. ეს მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების გადასაწყვეტია და თუ ქვეყნისთვის ასეთი თანამშრომლობა სასარგებლოა და ხელისუფლებაც ხედავს, რომ ღირებულია პარტნიორობა – ისინი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით.
ის ხაზი რომ გავაგრძელოთ, რაც თქვენ უკვე ახსენეთ – განსხვავება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის და გავლენა, რაც შეიძლება ამ ქვეყნებმა მიიღონ გლობალურად შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე – რა არის ამ გავლენის ნაწილში მთავარი განსხვავება?
ყველაზე დიდი განსხვავება აქ ის არის, რომ განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლის კვალდაკვალ ეკონომიკური ზრდაც შენელდა. განვითარებადი ქვეყნების ზრდაზე გავლენა მოახდინა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებამ. თუ ამ ქვეყნის ზრდას გამოვრიცხავთ, ვნახავთ, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური გამოწვევების მიმართ უმრავლესობა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. ეკონომიკური ზრდა გლობალურად ნელდება. ცხადია, ეს შენელება ზოგიერთ ქვეყანაში უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე სხვაგან. მაგრამ იმის ალბათობა, რომ ეს გამოწვევები გადაილახება – გაზრდილია.
და რა არის მსოფლიო ბანკის ერთი მთავარი გზავნილი ამ ანგარიშის საფუძველზე ჩვენთვის – აქ საქართველოში და მთელ მსოფლიოში – შევძლებთ ინვესტიციების გაზრდით და პოლიტიკური დისციპლინით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, თუ უკვე დავაგვიანეთ?
ინვესტიციების ზრდის დაჩქარებას რეფორმები დასჭირდება. ამ რეფორმებს რამდენიმე მიმართულება აქვს და ის უკავშირდება ფისკალურ პოლიტიკას, მონეტარულ პოლიტიკას, საფინანსო პოლიტიკას, სტრუქტურულ პოლიტიკას – განსაკუთრებით ინსტიტუციების ნაწილში. ყველა ამ მიმართულებით გაუმჯობესება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კონკრეტულად განვითარებად ქვეყნებზე თუ ვისაუბრებთ, ამ ქვეყნებში ჩვენ გვქონია რეფორმების გატარების და საინვესტიციო ბუმის მაგალითები, რასაც დადებითი გავლენა ჰქონდა შემდეგ უკვე ეკონომიკურ ზრდაზე და ქვეყნის განვითარების მიზნებზე.
გამოდის – მეტი საინვესტიციო ბუმი გვჭირდება.
საინვესტიციო ბუმები ეფექტიან ტრანსფორმაციულ პროექტებს უნდა უკავშირდებოდეს – ამის მაგალითია ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტები – სწორი ინვესტიციები უკავშირდება გაზრდილ შემოსავლებს. იმედი გვაქვს, რომ როცა ქვეყნები ინვესტიციების ზრდაზე ორიენტირდებიან, ისინი ძალიან ფრთხილად გააანალიზებენ ამ ინვესტიციების გავლენას; სამუშაო ადგილების ხარისხს, რასაც ეს ინვესტიციები მოიტანს. სწორი ინვესტიციები – იქნება ეს ადგილობრივი თუ პირდაპირი უცხოური – ზრდის კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, პროდუქტიულობას და დასაქმებას. ასეთი ინვესტიციების საჭიროება ცალსახაა – განსაკუთრებით დღევანდელ ეპოქაში.