მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა იწვევს იაპონური საფონდო ბირჟის რეკორდულ ზრდას?

იაპონური ბირჟა

იაპონიის საფონდო ბირჟამ ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია: ფლაგმანური ინდექსი Nikkei 225 ისტორიაში პირველად გადაცდა 54,000-იან ზღვარს, რაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინმა განაპირობა.

ერთ კვირაში ინდექსს 5%-იანი ზრდა აქვს, ხოლო 1-წლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 41%-ს აღწევს.

ინვესტორების ოპტიმიზმი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი მიმდინარე თვის ბოლოს პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნას გეგმავს, რაც გზას გაუხსნის თებერვალში საერთო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ტაკაიჩის პოპულარობა მმართველ კოალიციას პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად გაატაროს აგრესიული ფისკალური სტიმულირების პოლიტიკა და ბიზნესს სწრაფი ზრდის საშუალება მისცეს.

აღნიშნული მოლოდინების ფონზე, იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით ბოლო 18 თვის მინიმუმამდე გაუფასურდა და 159-იან ნიშნულს გადააჭარბა, რამაც დამატებითი ბიძგი მისცა ექსპორტიორი კომპანიების აქციებს, რომელთაც ახლა მეტი უპირატესობა ექნებათ გლობალურ ბაზარზე.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ტექნოლოგიურ, თავდაცვისა და ნახევარგამტარების სექტორებში: მაგალითად, Tokyo Electron-ის აქციები 8%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ავტომწარმოებელი გიგანტის, Toyota-ს ღირებულება ერთ კვირაში 7.5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები