მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ითვლება მწვანე ობლიგაციად - ეროვნულმა ბანკმა წესები განსაზღვრა

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად დაამტკიცა მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და გაუქმების წესი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

დოკუმენტის მიხედვით, მწვანე ობლიგაცია შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან დაკავშირებული პროექტები პირდაპირ ემსახურება გარემოსდაცვითად პოზიტიური ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებას ან რეფინანსირებას. მსგავსი მიდგომა ვრცელდება სოციალურ, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებზე, რომელთა მიზნად სოციალური ეფექტის მიღწევა ან ეკოლოგიურ-სოციალური მიზნების ერთობლივი დაფინანსება განისაზღვრება.

რა არის მწვანე ობლიგაცია

ახალი წესებით, მწვანედ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ფასიანი ქაღალდი, რომელიც აკმაყოფილებს სპეციალურ ტაქსონომიას – კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც ადგენს გარემოსდაცვითი სარგებლის მქონე საქმიანობებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობის პროექტები, ნარჩენების მართვა ან ბუნებრივი რესურსების დაცვაზე მიმართული ინიციატივები.

გამჭვირვალობა და ანგარიშგება

ემიტენტებს ეკისრებათ ვალდებულება, წინასწარ გამოაქვეყნონ ინფორმაცია მოზიდული სახსრების გამოყენების, მონიტორინგისა და შესაძლო გარემოსდაცვითი/სოციალური ეფექტების შესახებ. გარდა ამისა, მათ რეგულარულად მოუწევთ სახსრების ათვისებისა და ზეგავლენის ანგარიშების გამოქვეყნება, ხოლო გარე ექსპერტები უზრუნველყოფენ ამ მონაცემების დამოუკიდებელ გადამოწმებას.

სტატუსის მინიჭება და გაუქმება

მწვანე, სოციალური ან მდგრადობის სტატუსის მინიჭება ხდება ობლიგაციის პროსპექტის დამტკიცებისას. იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი დაარღვევს დადგენილ წესებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ობლიგაციას ჩამოართვას სტატუსი და გამოიყენოს სანქციები, მათ შორის ფულადი ჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები