განახლებადი ენერგია ქართული კომერციული ბანკების მწვანე დაკრედიტებაში პირველ ადგილს იკავებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მწვანე დაკრედიტების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
მწვანე ენერგიის პროექტების საკრედიტო პორტფელი 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით 940 მილიონ ლარს შეადგენს, ერთწლიან ჭრილში აღნიშნული კატეგორიის სესხების მოცულობა 245 მილიონი ლარით, ანუ 35%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მთლიანად მწვანე დაკრედიტებას მისი მოცულობა 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს და ის ერთწლიან ჭრილში 56%-ით არის გაზრდილი. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, უშუალოდ ნოემბერში მწვანე კრედიტების მოცულობა 81 მილიონი ლარით გაიზარდა.
გარდა მწვანე ენერგიის პროექტებისა, მწვანე დაფინანსებაში შედის სხვა სექტორებიც, რომლებიც მდგრადი წარმოების, მშენებლობისა და ტრანსპორტის მიმართულებებს მოიცავენ. დაკრედიტებით, მეორე ადგილზეა მწვანე (ენერგოეფექტური) შენობები და მშენებლობა 491 მილიონი ლარით, მესამეზე კი მდგრადი სოფლის მეურნეობა 116 მილიონი ლარით.
მწვანე დაფინანსების კრედიტებში ასევე შედის ნარჩენების მართვა და გადამუშავება (25 მლნ ლარის პორტფელი); მდგრადი წარმოება (32 მლნ ლარი) და მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი 69 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელით.
ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით გაცემული კრედიტების სტატისტიკა დღეიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. მონაცემები შეგროვებულია მწვანე სესხების თვიური ანგარიშგების ფორმით და სრულად შეესაბამება მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის რეგულაციას.




























