ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი რთველს აფასებს. მან სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის რთველის დადებით და უარყოფით მხარეებზე გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება.
გიორგი სამანიშვილმა რამდენიმე დღის წინ BMG-სთან განაცხადა, რომ დარგში სერიოზული პრობლემებია და წლევანდელმა რთველმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სისტემა მორღვეულია. კრიტიკას ღვინის ეროვნული სააგენტოს მოქმედმა თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს გვქონია.
როგორც სამანიშვილი წერს, კარგი იქნება, სააგენტომ მასთან პოლემიკის ნაცვლად, მთავრობასთან დააზუსტოს და მევენახეებს უთხრას, როგორ ჩატარდება რთველი 2026 წელს.
"კარგია რომ სუბსიდია შეჩერდა კახეთში. უსარგებლო და არაჯანსაღი ჩარევა ფასწარმოქმნაში;
კარგია რომ სახელმწიფომ ჩაიბარა ჭარბი ყურძენი. მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩა;
კარგია რომ სახელმწიფომ გადაიხადა მაღალი ფასი - მეტი შემოსავალი შეუვიდათ მევენახეებს;
ცუდია რომ სახელმწიფომ გადაიხადა მაღალი ფასი - დაიხარჯა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ბიუჯეტის ფული (სავარაუდოდ 100 მილიონზე მეტი);
ძალიან ცუდია რომ რაჭაში დაავიწყდათ სუბსიდიის შეჩერება ან თუნდაც შემცირება და დარჩა ფასზე სახელმწიფო დანამატი 4 ლარი 1 კილოგრამ ყურძენზე. მით უმეტეს, რომ სავსებით შესაძლებელი იყო იგივე დანახარჯებით ფასის შენარჩუნებაც და სუბსიდიის წილის თუნდაც მცირედ შემცირებაც;
კარგია რომ სახელმწიფომ რაჭაშიც ჩაიბარა ჭარბი ყურძენი;
კარგია რომ სახელმწიფო ლეჩხუმშიც ჩაიბარებს ჭარბ ყურძენს;
ცუდია რომ რაჭაში ალექსანდროულის მოსავალი გაიზარდა (სავარაუდოდ 2-ჯერ), მაგრამ მოთხოვნილება ხვანჭკარაზე მცირდება;
ცუდია რომ სახელმწიფომ გადაამუშავა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი რომელიც მას არ სჭირდებოდა;
კარგი იქნება თუ სახელმწიფოს ღვინო სრულად გამოიხდება სპირტად, როგორც სიტყვიერად არის გაცხადებული;
ცუდია რომ წინასწარ ვიცით რომელი კომპანიები იყიდის სახელმწიფო სპირტებს;
ცუდი იქნება თუ ღვინო ქინძმარაულის, ხვანჭკარის ანდა საფერავის სახელით დაბრუნდება ბაზარზე დაბალი ხარისხით და დაბალი ფასით როგორ გასულ წლებში ხდებოდა;
ძალიან ცუდი იქნება თუ სახელმწიფო დაიწყებს ღვინის წარმოებას და მით უმეტეს ექსპორტზე გატანას;
ცუდია რომ არსად არ არის გაწერილი როგორ უნდა გადაამუშაოს და რა პროდუქტი აწარმოოს სახელმწიფომ და სად, როგორ რა ფასად გაყიდოს;
კარგი იქნება თუ მთავრობის განკარგულებაში, რომელიც რთველზე სახელმწიფოს ავალებს ყურძნის შესყიდვას, მისი სპირტად გამოხდის ვალდებულებაც ეწერება და ვიღაცის სიტყვებზე და სურვილებზე არ იქნება 100 მილიონზე მეტი ღირებულების საქონლის ბედი დამოკიდებული;
და ყველაზე ცუდია, რომ არავინ არ იცის როგორ ჩატარდება რთველი 2026 წელს.
კარგი იქნება, ღვინის ეროვნული სააგენტომ ჩემთან პოლემიკის ნაცვლად, მთავრობასთან დააზუსტოს და მევენახეებს გვითხრას როგორ ჩატარდება რთველი 2026 წელს:
ა. ისევე წარმატებულად, როგორც 2025 წელს. სახელმწიფო გარანტირებულად შეისყიდის მაღალხარისხიან თეთრ ყურძენს 1,20 ხოლო საფერავს 1,50 ლარად;
თუ ბ. სახელმწიფო შეისყიდის ამ ყურძენს ნაკლებ ფასად, რადგან არ ეყოფა ბიუჯეტის თანხები;
თუ გ. სახელმწიფო შეისყიდის ამ ყურძენს უფრო მაღალ ფასად, რადგან თვლის რომ ეს კარგია;
ან როგორც ყოველთვის დ. ჯერ არავინ არ იცის. დაველოდოთ 2026 წლის ივლისის თვეს და გავიგებთ",- წერს გიორგი სამანიშვილი.




























