მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება მზის პანელების მონტაჟი? -  ხშირად დასმული კითხვები & პასუხები

განახლებადი ენერგია

ბოლო რამდენიმე წელია მზის პანელების მონტაჟი საქართველოში პოპულარული გახდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ არსებობს გზა, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადისგან გაათავისუფლებს. მზის პანელები, ერთ-ერთია რისი მონტაჟის შემდეგაც შეგიძლია საკუთარი ელექტროენერგია მოიხმარო, მისი ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში კი იგი გაყიდო ან სხვა ოჯახს გაუნაწილო.

რა ღირს ენერგოდამოუკიდებლობა; რა ჯდება მზის პანელების მონტაჟი? - ეს შეკითხვა ხშირად დასმულ კითხვებს შორისაა, რაზეც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ უპასუხა.

მისი განმარტებით, 1 კილოვატი მზის პანელის დადგმა 380-დან 700 დოლარამდე ღირს:“ეს არის იმაზე დამოკიდებული რა მასშტაბის სადგურს ვაშენებთ; მიწაზე შენდება თუ სახურავზე; რეგიონშია თუ თბილისთან ახლოს, რადგან ეს ყველაფერი ფასზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა მან.

თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ ნამდვილად გამოწვევაა, ამ თანხის ერთდროულად გადახდა, რაზეც კომპანიებმა ბანკებთან ერთად ბევრი იმუშავეს. როგორც ის ამბობს, იურიდიულ პირებს შეუძლიათ მზის პანელის მონტაჟისთვის თანხა ბანკიდან მარტივად და უპრობლემოდ აიღონ, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს ჯერ კიდევ პრობლემაა.

„ჩვენი ან სხვა კომპანიის პროექტით შეუძლია იურიდიულ პირის მივიდეს ბანკში და უთხრას, რომ ამის დაყენება უნდა. თუ მას შავი წარსული არა აქვს ბანკში მისი დაფინანსება მარტივად ხდება. ფიზიკურ პირებში ეს მხარდაჭერის მექანიზმები არ გვაქვს და ნაკლებია აქტიურობა“, - განაცხადა მან.

თორნიკე დარჯანიამ ასევე განმარტა, რაზე არის დამოკიდებული ადამიანს, რა სიმძლავრის სადგური სჭირდება და ამით რა ეკონომიას ნახავს.

"კომპანიის ამოსავალი წერტილია მომხმარებელი რამდენს მოიხმარს, მაგალითად თუ ვიღაც, 150 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავს, ჩვენ ვიცით, რომ ამისთვის საჭიროა 5 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დავაყენოთ და აქედან შეუძლია მომხმარებელს დაითვალოს რა დაუჯდება ეს 5 კილოვატი", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება „ნეტო აღრიცხვაა".

საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს მზის, ქარის, წყლის ენერგიების გამოყენებით. დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია.

იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, მომხმარებელს შეუძლია გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია მიიღოს.