მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა კავშირი აქვს Ayandeh Bank-ის კოლაფსს ირანის პროტესტთან? - NY POST

Ayandeh Bank

გასული წლის მიწურულს ირანული ბანკის ჩამოშლამ ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა, რამაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათობით ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა და ისლამური რესპუბლიკის მმართველობას საფრთხე შეუქმნა - ამის შესახებ New York Post-ი WSJ-ზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, ამერიკული გამოცემის ცნობით, Ayandeh Bank-მა, რომელსაც რეჟიმთან დაახლოებული პირები მართავდნენ, "ცუდი სესხების" დაგროვების გამო, თითქმის $5 მილიარდის ზარალი განიცადა და გაკოტრდა.

აღნიშნულმა კოლაფსმა ეკონომიკური ვარდნა დააჩქარა და რეჟიმს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული საფრთხე შეუქმნა. Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ სანქციებით დაზარალებული და ინფლაციურ ლიკვიდურობაზე დამოკიდებული საბანკო სისტემა ფაქტობრივად გადახდისუუნაროა. კრიზისი ყველაზე ცუდ დროს დაიწყო: მთავრობის ლეგიტიმაცია ისედაც საფუძვლიანად იყო შერყეული ივნისში ისრაელსა და აშშ-თან 12-დღიანი ომის გამო, რომელმაც ცხადყო, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის დაცვა არ შეეძლო.

Ayandeh Bank

ბანკი ირანში ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს გასცემდა, რითაც მილიონობით მეანაბრე მიიზიდა, თუმცა, ანგარიშის თანახმად, ის დიდწილად მთავრობის მიერ ინფლაციის გამომწვევი ფულის ბეჭდვაზე იყო დამოკიდებული.

გამოცემის ინფორმაციით, Ayandeh ასევე ეწეოდა "თვითდაკრედიტებას" და ფულს ხშირად თავად ბანკის დამფუძნებლის კომპანიებზე გასცემდა. ირანის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის დირექტორმა გასულ წელს ამ ბანკს "პონცის სქემა" (ფინანსური პირამიდა) უწოდა.

ბანკის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია Iran Mall-ი იყო, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. კომპლექსი მოიცავს IMAX კინოთეატრს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზებს, დახურულ ბაღებს, ავტოსალონს და სარკეებიან დარბაზს, რომელიც მე-16 საუკუნის სპარსეთის იმპერიულ სასახლეს ჰგავს.

ეს მდიდრული, ქალაქისხელა სავაჭრო ცენტი მაშინ გაიხსნა, როდესაც ეროვნული ვალუტა (რიალი) უფასურდებოდა, ხელფასები მცირდებოდა, სურსათზე ფასები კატასტროფულად იზრდებოდა, ხოლო წყლისა და ენერგეტიკული კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა დედაქალაქის თეირანიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროსთან ახლოს გადატანა შესთავაზა.

ირანის მთავრობამ პრობლემური ბანკი უმსხვილეს სახელმწიფო კრედიტორს, Bank Melli-ს შეუერთა და მის დასაფარად სასწრაფოდ დიდი ოდენობით ფული დაბეჭდა, თუმცა უკვე გვიანი იყო. გავრცელებული ცნობით, კოლაფსის პირასაა კიდევ, სულ მცირე, ხუთი ირანული ბანკი.

ომი, სანქციები და რიალის ვარდნა

საბანკო კრიზისი ივნისში ისრაელსა და აშშ-ს შორის მომხდარ 12-დღიან ომს დაემთხვა. ნოემბერში ისრაელი და აშშ-ი ირანს კვლავ დაემუქრნენ დარტყმით, თუ თეირანი ბირთვული ან სარაკეტო პროგრამების აღდგენას ეცდებოდა, რამაც ქვეყნის იმიჯი კიდევ უფრო შეარყია.

ამერიკულმა და ევროპულმა სანქციებმა ირანს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეუმცირა, აშშ-მა კი ერაყიდან ფულის გათეთრების გზები ჩაკეტა.

რიალის ღირებულება ისე სწრაფად დაეცა, რომ მაღაზიის მეპატრონეები პროდუქტებზე ფასის დადებას ვერ ასწრებდნენ, იმპორტიორები კი საქონლის გაყიდვამდე ზარალდებოდნენ. ეკონომიკური კრიზისის გამწვავების შემდეგ თეირანის ქუჩებში ასობით მოვაჭრე გამოვიდა, რომლებიც აქციებს იშვიათად უერთდებიან ხოლმე.

ინტერნეტის გათიშვისა და მთავრობის მხრიდან დარბევის მიუხედავად, ირანის ათობით ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მიერ გავრცელებული შეფასებით, პროტესტის დროს 2 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სანქციები დამფუძნებელს

Ayandeh Bank-ის ჩამოშლიდან რამდენიმე დღეში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ბანკის დამფუძნებელს, ალი ანსარის. ის ირანელი ბიზნესმენია ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახიდან და ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოკავშირედ მიიჩნევა.

ლონდონმა ანსარის - რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში მრავალმილიონიან სასახლეს ფლობს - "კორუმპირებული ირანელი ბანკირი და ბიზნესმენი" უწოდა და ბრალი დასდო "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) დაფინანსებაში. ოქტომბერში გავრცელებულ განცხადებაში ანსარიმ ბანკის გაკოტრება "ბანკის კონტროლს მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას" დააბრალა.

წლების განმავლობაში კონსერვატორი და რეფორმატორი პოლიტიკოსები ბანკის დახურვას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მთავრობის მიერ დაბეჭდილ ფულზე მისი დამოკიდებულება ინფლაციას გაზრდიდა. ოქტომბერში ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი სოციალურ ქსელში სამართლებრივი ზომებით დაემუქრა ცენტრალურ ბანკს, თუ ის Ayandeh-ს წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. ბანკი მეორე დღესვე დაიხურა.

პარალელურად, როდესაც ირანელებს საკვების ყიდვა უჭირთ, მთავრობამ შეამცირა ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა პურის სუბსიდირება და მოხსნა მოთხოვნა, რომ იმპორტირებული ბენზინი საბაზრო ფასად გაყიდულიყო. ხელისუფლებამ პროტესტის ჩახშობა ერთ სულ მოსახლეზე 10 მილიონი რიალის (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) ოდენობის ყოველთვიური ფულადი სუბსიდიით სცადა, თუმცა უშედეგოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები