სტრიმინგ-ინდუსტრია განვითარდა და რეალურ, ხელმოსაჭიდ ინდუსტრიად გადაიქცა. აღნიშნულზე ის მიუთითებს, რომ ჰოლივუდელი სცენარისტები და მსახიობები, სწორედ სტრიმინგ-სერვისების მზარდი პოპულარობისა და ამ ტიპის კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის შესაძლო გამოყენების გამო გაიფიცნენ.
როგორც სცენარისტები ამბობენ, მათი ხელფასი არაპროპორციულად იზრდება იმ კონტენტის ნახვების მაჩვენებელთან შედარებით, რომელთაც ისინი აგენენირებენ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე, სცენარისტის კონტენტს ასი ადამიანი უყურებდა და მისი ჰონორარი ასი დოლარი იყო, დღეს, სცენარისტის მიერ შექმნილ ფილმსა თუ სერიალს ათასობით და მილიონობით ადამიანი უყურებს, მაგრამ ჰონორარი ასეთივე ტემპით არ გაზრდილა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად, სცენარისტები 2007 წელს გაიფიცნენ, როცა DVD-ფორმატში და ინტერნეტში გაყიდული კონტენტისთვის ანაზღაურების მომატებას ითხოვდნენ, რაც, შინაარსობრივად, ძალიან ჰგავს დღევანდელ შემთხვევას.
ოდნავ განსხვავებული, მაგრამ შინაარსობრივად მსგავსი მიზეზით გაიფიცნენ წელს ჰოლივუდის მსახიობები, რომელთაც, სცენარისტებისგან განსხვავებით, პროდიუსერებთან შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევიათ. მსახიობების წლევანდელი გაფიცვა სტრიმინგ-სერვისის აღორძინებას უკავშირდება, რომელიც, თავისი არსით, ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელმაც ვიდეოკონტენტის მაყურებელთა რიცხვი მილიონებში, ზოგჯერ კი მილიარდებშიც გადაიყვანა. ამასთან, მსახიობები ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიები მსახიობების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტს არ გამოიყენებენ.
ვიდეოკასეტები შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ამ დრომდე, მსახიობები ბოლოს 1980 წელს გაიფიცნენ - იმ დროსაც, გაფიცვის მთავარი გამომწვევი მიზეზი ახალი ტექნოლოგია იყო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისები გამოჩნდა, რამაც ფილმებისა და სერიალების ყურების მაჩვენებელი ახალ, იმ დროს არნახულ მასშტაბზე აიყვანა, მაგრამ, როგორც მსახიობებს მიაჩნდათ, ინდუსტრიის ზრდის მიუხედავად, მათი ხელფასები არ მომატებულა.
გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც აისახება, როგორც ამ სფეროში ჩართული კომპანიებისა და ადამიანების რიცხვზე, ასევე შემოსავლებზე, რომელთაც ამ ტიპის ბიზნესი აგენერირებს. ექსპერტების შეფასებით, 2013 წელს, ანუ განვითარების ადრეულ ეტაპზე, გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია $5 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ 2022 წელს $455 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ზრდის 9000%-იანი მაჩვენებელია. ნავარაუდევია ისიც, რომ ინდუსტრია ზრდას მომდევნო წლების განმავლობაშიც განაგრძობს და 2030 წლისთვის $1.9 ტრილიონს მიუახლოვდება, რაც დღევანდელი მონაცემებით, ბრაზილიის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.