მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხარვეზები იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, რომელზეც 2020-2022 წლებში ₾136 მლნ დაიხარჯა - აუდიტი

სოფელი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც არაერთ ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში დაიხარჯა 136.3 მლნ ლარი და შესყიდულია 12 095 ინფრასტრუქტურული პროექტი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან. მან უნდა უზრუნველყოს სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის მაღალი ჩართულობა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილს 2020 წელს პროგრამიდან აუთვისებელი დარჩა 4.2 მლნ ლარი, 2021 წელს − 5.2 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს − 7.5 მლნ ლარი; მათ შორის, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში არსებული თავისუფალი ნაშთი 5.2 მლნ ლარი იყო.

"თავისუფალი ნაშთის არსებობა გამოწვეულია პროგრამის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებული ხარვეზებით, კერძოდ, მერიებმა სრულად არ გამოიყენეს ფინანსური რესურსები, ეკონომიები შესყიდვებიდან, შეუსრულებელი ხელშეკრულებებიდნ დარჩენილი თანხები და ა.შ. შედეგად, ვერ შესრულდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე",- აღნიშნულია დოკუმენტში.

უფრო დეტალურად, აუდიტმა შემდეგი ნაკლოვანებები გამოავლინა:

პროგრამის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები

  • მუნიციპალიტეტების 40%-ზე მეტს არ აქვს შემუშავებული პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, ხოლო მუნიციპალიტეტების ნაწილში განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგები ზოგადი ხასიათისაა, არ ასახავს სამომავლო მდგომარეობას, რისთვისაც ხორციელდება პროგრამა. ეს შედეგები, არ არის ნათელი/კონკრეტული, არ არის დასახული მათი მიღწევის გზები.
  • შედეგების შეფასების ინდიკატორები დადგენილი არ არის არცერთ მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ნაკლოვანებები იწვევს ხარვეზებს როგორც პროგრამის დაგეგმვის, ასევე განხორციელების მიმართულებით. მუნიციპალიტეტები სათანადოდ ვერ აფასებდნენ პროგრამის წარმატებას, ვერ ზომავდნენ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობას და შედეგს.

ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ჩართულობა პროგრამაში

  • პროგრამის ორგანიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მომზადებულია ხარვეზებით. მერიის ბრძანებებში არსებული არასრულყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, დაფინანსების ოდენობის, შეხვედრის დროის/ადგილის და სხვა საკითხების მიუთითებლობა ხელს უშლიდა პროგრამის სათანადოდ ორგანიზებას, მოსახლეობის მონაწილეობას ან/და ჩართულობის ზრდას;
  • მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, აღწერილია მხოლოდ პროექტების არჩევის/განხორციელების პროცედურები და ყურადღება არ არის გამახვილებული პროგრამის შინაარსის, თითოეული მოქალაქის როლის, უფლებებისა და ჩართულობის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, მერიები ვერ უზრუნველყოფდნენ მოქალაქეების დაინტერესებას და მოტივირებას პროგრამაში მათი სათანადოდ ჩართვისათვის. გარდა ამისა, ხარვეზებით ვრცელდებოდა ინფორმაცია პროგრამის პროცედურების შესახებ. კერძოდ, შესწავლილი 54 მუნიციპალიტეტიდან, უმრავლესობაში არ ქვეყნდებოდა მერის ბრძანებები პროგრამის შესახებ, სოფლის კრებების გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობის, დასრულების შესახებ და ა.შ.
  • მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოსახლეობას არ მოუმზადებია საპროექტო წინადადებები. შესაბამისად, კრებამდე არ შეუდგენიათ და არ გაუვრცელებიათ საპროექტო წინადადებების ნუსხა. ამდენად, კრებებზე/კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა წინასწარ მიმოხილულ და შესწავლილ საკითხებს;
  • მუნიციპალიტეტები ვერ ასრულებდნენ პროგრამის მთავარ მიზანს − მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის მხარდასაჭერად. 2020 წელს დასახლებების − 14.1%-ში, 2021 წელს − დასახლებების 18.8%-ში და 2022 წელს დასახლებების 20.2%-ში ჩატარებული საერთო კრება/კონსულტაცია არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლებებში, სადაც დადგენილი ზღვარი დაცული იყო, წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე რისკის შემცველია. ზოგიერთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები სათანადოდ არ აღრიცხავდნენ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობას, ოქმები შედგენილი იყო ფორმალურად და დამსწრეთა მითითებული რაოდენობა არ იყო სწორი. დასახლებებში, სადაც საერთო კრებაზე/კონსულტაციაზე დამსწრეთა დადგენილი მინიმალური რიცხოვნობა დოკუმენტურად დაცული იყო, დასწრების საშუალო მაჩვენებელმა 2020 წელს – 16.2%, 2021 წელს − 16.4% და 2022 წელს 15.7% შეადგინა. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სოფლის საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე დამსწრეთა რიცხოვნობა არ იზრდებოდა და, მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ჩართულობა დაბალი იყო.

პროგრამის ფინანსური მართვა

  • მუნიციპალიტეტების ნაწილში მერიები ვერ ახერხებდნენ პროექტების დროულად დასრულებას და მოსახლეობისათვის სათანადო სერვისების მიწოდებას. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის პროგრამის ფარგლებში რჩებოდათ აუთვისებელი ნაშთები. პროგრამის ხარვეზებით განხორციელებისა და პროექტების დროულად დაუსრულებლობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება და მართვა წარმოადგენდა. კერძოდ, 2020-2022 წლებში საპროექტო დოკუმენტაციის ხელშეკრულებების 69,6% გაფორმდა მაისიდან, ნაცვლად − აპრილისა, ხოლო მათი 71.5% მერიებმა ჩაიბარეს წლის მეორე ნახევარში. აღნიშნულმა განაპირობა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგვიანებით შესრულება, კერძოდ, სამუშაოების/საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებების 75%-ზე მეტი გაფორმებულია წლის მეორე ნახევარში;
  • მერიების უმრავლესობას პროგრამის ფარგლებში არ აქვს გამოყენებული არსებული ფინანსური რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროგრამა დაეფინანსებინათ 100%-მდე, 2020 წელს პროგრამის მუნიციპალური დაფინანსების წილი შეადგენდა 24%-ს, 2021 წელს − 23%-ს, ხოლო 2022 წელს – 28%-ს;
  • მუნიციპალიტეტებს არ გამოუყენებიათ დონორების/გრანტების მოძიების შესაძლებლობა. მათ დამატებითი დაფინანსების მოპოვებისთვის შესაბამისი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, არ მოუძიებიათ დაფინანსების წყაროები კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, არ მოუმზადებიათ პროექტები, წინადადებები, ინიციატივები დონორებისათვის წარსადგენად, რათა მომხდარიყო მათი დაინტერესება და პროექტებში ჩართვა.

ცნობისთვის, 2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 40.8 მლნ ლარი გამოიყოფა.

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არ გაუქმდება და მომავალში შესაძლოა მისი მოდერნიზება მოხდეს. ამის შესახებ კახაბერ გულედანმა მინისტრის რანგში პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველი გამოსვლისას განაცხადა. მინისტრი გასულ თვეში პარლამენტში ინტერპელაციით „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა გუნდმა დაიბარა. მათი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რას ფიქრობთ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთან“ დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით არაეფექტიანია და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან? გაქვთ, თუ არა კონკრეტული გეგმა ამ „პროგრამის“ ეფექტიან და საზოგადოების ინტერესებზე მორგებულ პროგრამად გარდაქმნა-ჩამოყალიბებაზე? კახაბერ გულედანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პროგრამა არაეფექტიანია, თუმცა აცხადებს, რომ მისი არსებობის შესახებ ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები