მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ელექტროენერგიას იღებს ოკუპირებული აფხაზეთი უფასოდ და რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

606dddc5a7847
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.21 00:00
2743
1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განაწილების მიზეზს წარმოადგენდა ფაქტი, რომ ენგურჰესის მართვის პულტი და აგრეგატები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა დარჩა. შესაბამისად, აფხაზური მხარე აღნიშნულ ელექტროენერგიას საქართველოსგან უსასყიდლოდ იღებს. ელექტროენერგიის წარმოების 40%-60%-ზე განაწილების შეთანხმების მიუხედავად, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს მოიხმარს. პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია რეგიონის ელექტრომოხმარებაც, რაც ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.

შედეგად, 2020 წელს საქართველომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 34% მიიღო, დანარჩენი 64% ანუ რიცხობრივად 2.2 მილიარდი კილოვატსაათი აფხაზეთს მიეწოდა. წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში თანაფარდობა განსხვავებულია: მაგალითად, 2020 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და დეკემბერში აფხაზეთმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიიღო.

მეტიც, ეს ელექტროენერგია რეგიონის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც რეგიონს რუსეთის ფედერაციისგან საშეღავათო ფასად დამატებით 366 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა. 

“საქმის კურსთან” საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და კომპანია “ელ გრინის” დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იმ ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება, რომელსაც აფხაზეთი მათთვის განსაზღვრული 40%-ის ზემოთ იღებდა, დაახლოებით, $75 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ნოღაიდელი ამბობს, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ელექტროენერგიის განაწილება კვლავ 40%-60%-ის თანაფარდობას დაუბრუნდეს.

“თავად აფხაზეთის ელექტრომოხმარება 2018 წლის შემდგომ განსაკუთრებულად სწრაფად იზრდება, იქამდეც მას ზრდის ტენდენცია ჰქონდა. აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ელექტროენერგიის გამომუშავების გადანაწილება უნდა ხდებოდეს 40%-60%-ზე პრინციპით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ასეთი გადანაწილება 40%-60%-ზე პრინციპით, რათა საქართველომ აუცილებლად შეძლოს ენგურჰესის და ვარდნილჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ით სარგებლობა. აფხაზეთის მცხოვრებლების და ობიექტების მოხმარება არის მაქსიმუმ 20% იმისა, რაც არის ენგურჰესის და ვარდნილჰესის გამომუშავება. ყველაფერი დანარჩენი არის ამ ბოლო წლებში დამატებული და გააქტიურებული კრიპტომაინინგი. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აფხაზეთის ზედმეტი მოხმარების ფული ჩვენი გადასახდელი არ იყოს. განსხვავება, დაახლოებით, 1.4 მილიარდი კილოვატ საათია ანუ ამ 40%-სა და ფაქტობრივ მოხმარებას შორის, რაც ექნება აფხაზეთს, ეს კი დაახლოებით $75 მილიონი დოლარია ჩვენი იმპორტის ფასებში. თუ ვინმეს უნდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიმუშაოს კრიპტოვალუტა, ამაში ფულიც უნდა გადაიხადოს", - აღნიშნავს ზურაბ ნოღაიდელი.

სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზუსტად 1 მილიარდი კვტ.სთ-ით (67%-ით) არის გაზრდილი. 2020 წელს აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდული ტემპით 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. ელექტროენერგიის ეს მოცულობა თითქმის 1.1 მილიონიანი თბილისის მოხმარების ტოლი იყო და ის რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, ფაქტობრივად, უფასოდ მიიღო.

2012 წლის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზუსტად 1 მილიარდი კვტ.სთ-ით (67%-ით) არის გაზრდილი.



ამჟამად “ენგურჰესი” კრიტიკულად აუცილებელ რეაბილიტაციის პროცესს გადის, რომელსაც საქართველო EBRD-ის სესხით აფინანსებს. მაისში რეაბილიტაცია სრულდება და შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება 100-120 მილიონი კილოვატ საათით უნდა გაიზარდოს.

ჰიდროელექტროსადგურის გათიშვის გამო, საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე გაიზარდა. 2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან 1.43 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგია შეიძინა. აქედან 850 მილიონი კილოვატი რუსული ელექტროენერგია იყო, საიდანაც 750 მილიონი კილოვატ საათი უშუალოდ აფხაზეთისთვის იყო განკუთვნილი და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 500 მილიონი კილოვატ საათი, თურქეთიდან იმპორტი კი - 100 მილიონი კილოვატ საათი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები