საქართველოს მთავრობა განიხილავს ინიციატივას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მოქალაქეთა საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დაუტოვოს. საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ს შეადგენს და მას ყველა დასაქმებული იხდის. ამჟამად საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება.
BMG-იმ დეცენტრალიზაციის პროექტზე კითხვა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს დაუსვა. მინისტრის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის თვითმმართველობებზე სამართლიანად გადაცემის წესის შემუშავება საკმაოდ რთულია და მის შემუშავებაზე სამინისტრო საკმაო ხანია მუშაობს. ამასთან, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ უკვე რამდენიმე წელია დღგ-ის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს რჩებათ.
“ამაზე დიდი ხანია მიდის მუშაობა. თუმცა, ეს არ არის პროცესი, რომელიც დაიწყება წელს და დამთავრდება იმავე წელს.
მინდა გითხრათ, რომ დღგ-ის 19 პროცენტული პუნქტი უკვე მიდის ადგილობრივ თვითმმართველობებში და ეს არის გარანტირებული თანხა, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ირიცხება, გარდა იმ ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, რაც მუნიციპალიტეტებში არსებობს. თავად ფორმულა, რომელიც საშემოსავლო გადასახადს ეხება, მარტივად ადმინისტრირებადი არაა, რომ მიაკუთვნო უშუალოდ იქ დასაქმებულს. ფორმულა უნდა დაიხვეწოს და უნდა იყოს სამართლიანი, რათა არ მოხდეს ისე, რომ ერთმა რეგიონმა მეორე რეგიონის თანხა მიიღოს და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა, პროცესი არის დაწყებული, ხოლო რაც შეეხება ფორმულით განაწილებას, საშემოსავლო გადასახადი არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ცენტრალური ბიუჯეტიდან განაწილება ხდება გადასახადების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რადგანაც დღგ-სთან მიმართებაში ასეთი პრაქტიკა უკვე გვაქვს,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
საშემოსავლო გადასახადი დღგ-სთან ერთად ბიუჯეტის შემოსავლის უმთავრესი წყაროა. 2023 წელს მთავრობა 5.1 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადის აკრეფას გეგმავს.
მთლიანობაში, 2023 წელს ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:
• საშემოსავლო გადასახადი - 5.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 807 მლნ;
• მოგების გადასახადი - 1.94 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 325 მლნ;
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,42 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 1 მილიარდი;
• აქციზი - 2.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 210 მლნ.




























