საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსის" დამფუძნებელი ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი არ დაინიშნება ახალი არჩევნები ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება.
გილაური მიიჩნევს, რომ "ოცნების" იზოლაციონისტური პოლიტიკა, რასაც თან სდევს საქართველოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება არის უმძიმესი გამოწვევა როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და მისი განმუხტვა მხოლოდ არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
მისი შეფასებით, 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. 2025 წლის მოლოდინებთან დაკავშირებით ირაკლი გილაურმა ვრცლად გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა - რეცესიის რისკები
ნიკა გილაურის თქმით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკამ 9%-იანი ზრდა აჩვენა, მაგრამ 2025 წლისთვის პროგნოზები განსხვავებულია, რისი შეფასებაც ჯერჯერობით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, ხოლო "რეფორმატიკსის" მიერ გაკეთებული შეფასებით, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ ტენდენციებსაც მოიცავდა, 2025 წელს ნულოვანი ზრდა ან -2%-ის რეცესია არის მოსალოდნელი.
"არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ 2024 წლის 12 თვის ანალიზი არ გაუკეთებია. 9 თვის ანალიზი რომ გავაკეთოთ ვერ დავინახავთ რომ მინუსისკენ მიდის ეკონომიკა. 2024 წლის 9 თვის ანალიზი რომ გავაკეთოთ ვიტყვით რომ 2024 წელს იყო 9%-იანი ზრდა, ხოლო 2025 წელს მოსალოდნელია 6%-იანი ზრდა. შემდეგ მოდის მეოთხე კვარტალი, მასზე ხომ ვერ დავხუჭავთ თვალს?
ჩვენ შევეცადეთ, რომ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე და მეოთხე კვარტლის ანალიზიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა ექსტრაპოლაცია და გვეთქვა რომ პირველი იანვრის სურათის მიხედვით ჩვენ უნდა ველოდეთ 2025 წელს. ეს არის ნულოვანი ან მინუს 2%-ის ეკონომიკური ზრდა.
აქამდე ხომ არ თქმულა რომ 6%-ზე ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას არ განიხილავენ, მაგრამ გამოვიდნენ ქართული ოცნების დეფაქტო მთავრობის წევრები და თქვეს რომ ნეგატიურ სცენარში 2.7%-3% აქვთ გათვალისწინებული ზრდა. ანუ გაჟღერდა მათ მიერ 3% აქამდე ხომ არ გაჟღერებულა ასეთი ციფრი,“ - განაცხადა გილაურმა.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და მზარდი ინლაციის რისკი
Reformatics-ის თანახმად, 2025 წლისთვის ლარის 10-15%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსი დოლართან დაახლოებით 3.0-3.2 ლარის დიაპაზონში იქნება, რაც საგრძნობლად გაზრდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს (ინფლაციას). ნიკა გილაურის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის მდგომარეობა 2025 წელს კიდევ უფრო მყიფე იქნება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 2.79-დან 2.9-მდე გაუფასურდა. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციის ზრდას და სამომხმარებლო ფასების გაძვირებას,“ - აღნიშნა მან.
ბიუჯეტის დეფიციტის რისკები
2025 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 1.3-1.6 მილიარდი ლარის დეფიციტია მოსალოდნელი, რაც მთავრობას სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დააყენებს.
„დეფიციტის შესამცირებლად ორი გზა არსებობს: ხარჯების შემცირება (სეკვესტრი) ან დამატებითი სესხების აღება. ორივე გზას თავისი რისკები აქვს: ხარჯების შემცირება ეკონომიკურ აქტივობაზე მოახდენს გავლენას, ხოლო სესხების აღება ინფლაციის ზრდას და ლარის გაუფასურებას გამოიწვევს,“ - განაცხადა გილაურმა.
საკრედიტო რეიტინგის გაუარესება და ინვესტიციების შემცირება
გილაურის პროგნოზით, 2025 წელს გამოწვევად რჩება უცხოური ინვესტიციების კლება. „2024 წელს ინვესტიციების შემცირების ტენდენცია აშკარა იყო – პირველ ცხრა თვეში ეს მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ინვესტიციების შემდგომი კლება სერიოზულად აისახება ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებზე, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე,“ - აღნიშნა მან.
პოლიტიკური სტაბილურობის გავლენა ეკონომიკაზე
გილაური ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს. „სტაბილურობა აუცილებელია როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისთვის, ასევე რეფორმების ეფექტურად განხორციელებისთვის. არსებული ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია და ნდობის აღდგენა,“ - განაცხადა გილაურმა.
კრიზისის თავიდან არიდების შესაძლებლობა
ნიკა გილაურის განცხადებით, ყველა ეკონომიკური პრობლემა, რომელსაც დღეს საქართველო აწყდება ქართული ოცნების მიერ არის შექმნილი და კრიზისის თავიდან არიდება მხოლოდ ახალი არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
"ეკონომიკას დღევანდელი პრობლემები შეუქმნა არალეგიტუმურმა მთავრობამ დასავლეთის გინებით, გლობალური ომის პარტიის მოგონებით, ბევრი ტყუილით, ყველაფერი ქნა იმისთვის რომ ეკონომიკისთვის დედა ეტირებინა. არჩევნების გაყალბებით, იზოლაციით და ყველაფრით. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყნის ეკონომიკა შემცირდეს და ჩამოიქცეს. ამას აკეთებს თავისი პოლიტიკური გადარჩენისთვის. კომპანიების მხრიდან ამაზე მითითება არის სწორი, იმიტომ რომ ეკონომიკას ექმნება პრობლემები. ახლაც ვამბობთ, რომ ძალიან გვიანი არ არის და შეიძლება ეკონომიკა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან სადაც ის შევა აუცილებლად თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება,"- განაცხადა გილაურმა.