მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოგვცა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმა?

638dde0b3626d
ანუკა ჯოხაძე
11.12.22 14:30
1299
2020 წელს საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონის მიღების შედეგად, ბაზარზე 4 საინვესტიციო ფონდი და 2 ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია გამოჩნდა.

ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც კაპიტალის ბაზრის მიმართულებით ქვეყანაში პოლიტიკის მთავარი გამტარებელი და პასუხისგებელი უწყებაა, აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე საქმიანობის ამ მიმართულების მიმართ ინტერესი უკვე რეგისტრირებული, გათვიცნობიერებული კერძო სუბიექტების მხრიდან წამოვიდა.

ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გურგენიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ბაზის განახლებისის შემდეგ, ამის მოლოდინი არსებობდა.

“ჩვენი მოლოდინიც ასეთი იყო, თავდაპირველად ზოგადად ახალი საინვესტიციო ფონდების ჩარჩოს ამოქმედებასთან ერთად პირველი ნაკადი წამოვიდოდა, რეგისტრირებული ფონდები, რომლებიც კერძო შეთავაზებით ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას საინვესტიციო ფონდში, შემდგომ კი უკვე უფრო მოქნილი საივესტიციო სტრატეგიებიდან გამომდინარე შეუძლიათ დაბანდება", - აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გურგენიძე

კაპიტალის ბაზრის განვითარება და საინვესტიციო ფონდების საქმიანობა მოხვდა მთავრობის მხრიდან შემუშავებულ დოკუმეტშიც. საქართველოს განვითარების სტრატეგია-ხედვა 2030-ში ნახსენებია, რომ წლების განმავლობაში კაპიტალის ბაზრის გაჯანსაღების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები კი გადაიდგა, თუმცა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე ჯერ მაინც დაბალია.

ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების შესახებ რომ ცნობადობა დაბალია, ამას ადასტურებს აქტივების მმართველი კომპანია თიბისი Asset-მენეჯმენტის დირექტორი თამარ ქურიძე. მისი თქმით, ცნობადობის გაზრდა კერძო და საჯარო სექტორების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

“ჩვენი კომპანიის 80% არის უცხოელი ინვესტორი, რაც სავარუდოდ იმას ნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად არის გაცნობიერებული საინვესტიციო ფონდების შესახებ. მთავარ გამოწვევად დღეს იმას მივიჩნევ, რომ ცნობადობა ამ კუთხით ასამაღლებელია”,- ამბობს თიბისი Asset-მენეჯმენტის დირექტორი თამარ ქურიძე.

ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ "ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპშიც". კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე აცხადებს, რომ ბიზნესს საინვესტიციო ფონდთან კომუნიკაცია ფინანსურ რესურსებზე წვდომას უმარტივებს და ბევრად მომგებიან ფინანსურ პირობებს უქმნის.

“ბიზნესს ვუმარტივებთ წვდომას რესურსთან და ვაძლევთ მასზე მორგებულ ფინანსურ რესურსს ეს კი პირდაპირ ეკონომიკას აძლიერებს. მაგალითად, ანუიტენტის პრინციპი გულისხმობს ძირის გადახდას პროცენტთან ერთად, ჩვენს შემთხვევაში როცა კაპიტალში შევდივართ, ძირის თანხა რჩება ბიზნესში. რის შედეგადაც ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მეტი პროექტი განახორციელოს უფრო სწრაფად, მეტი ადამიანი დაასაქმოს და უფრო სწრაფად განავითაროს ეკონომიკა.” - აცხადებს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ლევან დიასამიძე.

კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ბანკშიც. ცეტრალური ბანკის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ დაფინასების წყაროების დივერსიფიკაცია აუცილებელია. მისი განმარტებით, ამის საჭიროება დღეს უფრო მწვავედ დგას, ვიდრე წლების წინ იყო.

“ვთვლით, რომ ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია საფინანსო რესურსების დივერსიფიცირება. საბანკო სექტორთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და ეს იყოს დამატებითი დაფინანსების წყარო ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამის საჭიროება დღეს გაცილებით უფრო აშკარაა და ახალია, ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ნიკო გაგუამ.

კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის რომ ნაბიჯები ჯერ კიდევ ბევრია გადასადგამი ამას აღიარებენ საკანონმდებლო ორგანოშიც. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიღმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიღებისა კიდევ არაერთი საკითხია, რომელიც სფეროს განვითარების წინაპირობაა.

“ეს არის ყამირი, ამ მიმართულებით ნაბიჯები არის გადასადგმელი, ცვლილებები გვჭირდება, მათ შორის ვგულისხმობ იმ კანონებს, რომელიც მივიღეთ საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით.”- ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე

ცნობისთვის, საინვესტიციო ფონდების განვითარება საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2013 წელს საინვესტიციო ფონდების შესახებ მიღებული კანონი არ ითვალისწინებდა საინვესტიციო ფონდების რეგულირებისა თუ ოპერირების სხვადასხვა ასპექტს, რაც ბაზრის განვითარების ტემპს აფერხებდა. არსებული გამოწვევების ფონზე 2 წლის წინ კანონმდებლობა განახლდა და  პარლამენტმა საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები