მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოხდება სცენარით, რომელშიც "ოცნება" ხელისუფლებაში რჩება? - ფინანსისტის ანალიზი

მარინა გულედანი

რა მოხდება სცენარით, როცა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რჩება - კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანი სოციალურ ქსელში ამ კითხვას თავად სვამს და წერს, რომ შედეგად გაგრძელდება საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია, მაღალი ალბათობით გადაიხედება ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ლარის კურსი გააგრძელებს ვარდნას. ასევე, შედეგად ვარდნას გააგრძელებს ქართული აქციების ფასები საერთაშორისო ბირჟებზე და საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცემულ სესხებზე გაიზრდება.

"რა მოხდება იმ სცენარით, რომელშიც ქართული ოცნება ხელისუფლებაში რჩება არჩევნების შემდეგ:

  1. გაგრძელდება საქართველოს იზოლაცია და ჩამოშორება დასავლეთისგან. საქართველოს არ ექნება არჩევანი და შესაბამისად მოხდება ის, რისკენაც ქართულ ოცნებას დღეს ყველა განცხადებით და ქცევით მიჰყავს საქართველო: ვექტორის სრული შებრუნება რუსეთისკენ და ჩინეთისკენ. რატომ არის ეს ძალიან ცუდი საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამის შესახებ უფრო დეტალურად ცალკე პოსტში დავწერ;
  2. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი: ძალიან მაღალი ალბათობით, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში შეგვეზღუდება. ეს იმოქმედებს ყველაფერზე: მოთხოვნა/მიწოდებაზე უძრავი ქონების ბაზარზე, ინვესტიციების შემოდინებაზე, ლარის კურსზე. ამაზეც უფრო დეტალურად ცალკე პოსტში დავწერ;
  3. წნეხი დოლარზე მკვეთრად გაიზრდება, შესაბამისად ლარის კურსი გააგრძელებს ვარდნას, მაგრამ უფრო მკვეთრი ტემპით. ის ტექნიკა და რესურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი და ხელისუფლება იყენებს ლარის კურსის შესანარჩუნებლად არჩევნებამდე, არ არის მდგრადი და ეს არჩევნების შემდეგ ძალიან მალე იჩენს თავს;
  4. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ქართული აქციების ფასები გააგრძელებს ვარდნას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები/რისკები ჩაშენდება ამ აქციების ფასში;
  5. საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცემულ სესხებზე გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს კომერციულ ბანკებს გაეზრდებათ საერთაშორისო საკრედიტო ხაზებთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, ეს შეეხება ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც კრედიტი აქვს გამოტანილი ბანკიდან ან მომავალში გამოიტანს. სხვა ფაქტორებთან ერთად იმოქმედებს ჩვენი ხელისუფლების და ეროვნული ბანკის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სანქციების მიმართ, რომელიც საქართველოს ფინანსურ სექტორს მძიმედ აზარალებს. მომდევნო დღეებში უფრო დეტალურად აღვწერ ამ პროცესების მექანიკას. მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ ის რაც დღეს ხდება და შეიძლება მოხდეს, თითოეულ მოქალაქეს ეხება და ეს არჩევნები გარდამტეხია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები