რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მათ შორის უმნიშვნელოვანესი რუსული სუვერენული აქტივების გაყინვასთან იყო დაკავშირებული.
საქმე ისაა, რომ რუსეთის ცენტრალური ხაზინა პორტფელის თითქმის ნახევარს დასავლეთში ინახავდა, რაც სტანდარტულ პრაქტიკად ითვლებოდა, თუმცა ამ მოცემულობამ აგრესორი სახელმწიფო არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან დასავლეთმა რუსეთის მფლობელობაში არსებული აქტივები გაყინა.
საერთო ჯამში, გაყინული აქტივების მოცულობა 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც რუსეთის საერთო რეზერვის მოცულობის ნახევრის ტოლია.
თანხის უდიდესი ნაწილი ევროშია დენომინირებული და ევროკავშირის იურისდიქციაშია განთავსებული, კერძოდ, საუბარია დაახლოებით 210 მილიარდი ევროს პორტფელზე.
ცხადია, რუსული აქტივების ნაწილი ამერიკულ დოლარშია დენომინირებული და პორტფელის მოცულობა $70 მილიარდს აღწევს.
გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების ნაწილი ბრიტანულ სტერლინგში, კანადურ დოლარში, შვეიცარიულ ფრანკში და იაპონურ იენში ჰქონდა შენახული, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული 350 მილიარდი დოლარი სუვერენულ სიმდიდრეს წარმოადგენს, ანუ იმ კაპიტალს, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, თუმცა, ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა სანქციები კერძო პირების და კომპანიების წინააღმდეგაც აამოქმედა. საერთო ჯამში, დასავლეთის მიერ რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 60 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული, პორტფელის უდიდესი ნაწილი კი რუს ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და კრემლთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით.




























