მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნები ექნებათ მიკრობანკებს?

616999453f0f8
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 23:40
847
საქართველოში მოქმედი რამდენიმე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომდევნო წლიდან მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს. ამისთვის აღნიშნული ორგანიზაციები შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას ელოდებიან, რომელიც პარლამენტს განსახილველად მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე უნდა წარედგინოს. საკითხთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სის” გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც კომერციული ბანკის ლიცენზიისთვის აუცილებელ კაპიტალთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია.

გია პეტრიაშვილის განცხადებით, სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის ზაფხულის განმავლობაში მოლაპარაკებები იმართებოდა, რა დროსაც სებ-მა ბიზნესის წინადადებები გაითვალისწინა. პეტრიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი მიკრობანკების” საქმიანობის მარეგულირებელ ჩანაწერს ითვალისწინებს, კერძოდ კი ამ ორგანიზაციების დაკრედიტება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ბიზნეს სექტორებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამასთანავე, ლიმიტი განისაზღვრა სესხის მაქსიმალურ ოდენობაზეც, კერძოდ ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციებს კონკრეტულ პირზე მაქსიმუმ 1 მილიონი ლარის სესხების გაცემა შეეძლებათ.

“ჩვენი მოლოდინები დიდ ნაწილში გამართლდა. ზაფხულის განმავლობაში სექტორის წარმომადგენლებს გვქონდა აქტიური დისკუსია ეროვნულ ბანკთან, ძალიან ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და ენთუზიაზმით ველოდებით კანონპროექტის მიღებას.

იყო ტექნიკური საკითხები, თუმცა მთავარია რომ ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითადი საკითხების გარშემო, რაც სებ-ს ჰქონდა წარმოდგენილი. პირველ რიგში ესაა ბიზნეს მოდელი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც ამ ლიცენზიის მოპოვების პრეტენზია ექნება. ეს ბიზნესმოდელი ძირითადად ბიზნეს და აგროდაკრედიტებაზე ორიენტირებას ითვალისწინებს.

ასევე გამოვყოფდი მინიმალური საწესდებო კაპიტალის საკითხს, რაც 1 მილიონი ლარიდან რაც იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, 10 მილიონ ლარამდე იზრდება. ეს ფაქტობრივად, რამდენიმე მისო-ს აძლევს შესაძლებლობას მიკრობანკის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადოს. 10 მილიონი ლარის კაპიტალი საკმაოდ მაღალი, მაგრამ არც თუ ის მიუწვდომელი ნიშნულია, ამ ეტაპზე სამი მისო-ა, რომელიც ბიზნესმოდელის მოთხოვნას და კაპიტალის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ეროვნულმა ბანკმა შემოგვთავაზა სესხის ზედა ნიშნულის სახით 1 მილიონიანი ზღვარი, ეს ფაქტობრივად სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების სეგმენტს და ამასთან გვაძლევს საშუალებას დაკრედიტება მოხდეს არამხოლოდ ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაშიც. ეს კი ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს,”- აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მიკრობანკის ლიცენზიის აღების სურვილი მოქმედი 39 მიკროსაფინანსოდან "ემ ბი სის", "კრისტალს" და "ლაზიკას" აქვს.

მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ამ დროისთვის მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს.

სასესხო პორტფელის მიხედვით, მიკროსაფინანსო ბაზრის ტოპ 5 მოთამაშეა:

1. კრისტალი - 358,394,293 ლარის სასესხო პორტფელი;
2. რიკო ექსპრესი - 350,552,718 ლარის სასესხო პორტფელი;
3. სვის კაპიტალი - 106,505,265 ლარის სასესხო პორტფელი;
4. ემ ბი სი - 72,859,899 ლარის სასესხო პორტფელი;
5. ლაზიკა კაპიტალი - 59,209,632 ლარის სასესხო პორტფელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები