მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალი“ III კვარტალის ბოლოს მიკრობანკის ლიცენზიას ელის - „2 წელიწადში პორტფელის 25%-იან ზრდას ვგეგმავთ“

კრისტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ პორტფელის 25%-იან ზრდას გეგმავს. ორგანიზაციამ ეროვნულ ბანკს მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალური განაცხადით გასული წლის დეკემბერში მიმართა. როგორც “კრისტალის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი BM.GE-სთან განმარტავს, ამ ეტაპზე მარეგულირებელთან მუშა პროცესი მიმდინარეობს და მათი მოლოდინია, რომ მესამე კვარტალის ბოლოს „კრისტალი“ მიკრობანკის სტატუსს მიიღებს.

„განაცხადი შეტანილი გვაქვს. ახლა მიმდინარეობს მისი ძალიან დეტალური განხილვა ეროვნულ ბანკთან ერთად, ბიზნესს პროცესების შემოწმება, შემოწმება უსაფრთხოებაში, თუ რამდენად მზად ვართ ტექნოლოგიურად. პარალელურად რა თქმა უნდა, კომპანია მუშაობს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ დაახლოებით მესამე კვარტალის დასასრულს ეს პროცესი დასრულდება დადებითად.

ჩვენი პორტფელი დაახლოებით 460 მილიონი ლარია, რამდენიმე ბანკზე მოზრდილები ვართ. ვგეგმავთ პორტფელის 25%-იან ზრდას მომავალი 2 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი ფინანსური გეგმა“, - აცხადებს ილია რევია.

მისი თქმით, კრისტალი მთავარ აქცენტს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მომსახურებაზე გააკეთებს. გეგმაშია ციფრული არხების განვითარებაც, რათა კომპანია მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახუროს.

ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი გასული წლის ბოლოს ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „კრისტალმა" და MBC-მ წარადგინეს. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს უფლება ექნებათ, მომხმარებელს ანგარიში და ანაბარი გაუხსნან, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხებიც გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები