ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება საკმაოდ მძიმე ტვირთი გახდა სექტორისთვის, თუმცა მისივე თქმით, რეგულაციამ პოზიტიური როლი შეასრულა პროცესის დასაჩქარებლად.
მან გახანგრძლივებულ რეგულაციაზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა კლინიკებს ესმით მისი საჭიროება.
"რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლე ვადებში იყო სხვადასხვა სანებართვო პირობებთან, საერთაშორისო აკრედიტაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ტვირთი გახდა სექტორისთვის. მაგრამ ერთი მხრივ, შექმნა მოტივაცია და სრული ფოკუსირება გააკეთა რაღაც მიმართულებებში. ჯანდაცვის სექტორი ძალიან რეგულირებადი დარგია და ხისტი გადაწყვეტილებები რთავს მექანიზმს, რომ დროულად და სწრაფად იმოქმედო. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ სექტორი ცდილობს დააკმაყოფილოს ახალი რეგულაციები, მით უმეტეს, როდესაც ეთანხმება მას. საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხი ასოციაციის წევრ კლინიკებში არანაირი დისკუსიის საგანი არ ყოფილა, ღია ვიყავით ამასთან დაკავშირებით, რადგან გვესმის, რომ ეს აუმჯობესებს ხარისხს და კლინიკების ინტერესიც იყო. ფორსირებამ განაპირობა ის, რომ რეალურად ძალიან დიდი ძალისხმევით, დიდი წნეხი იყო როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების, რადგან პროცესი საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, ქვეყანაში არ იყო ამის გამოცდილება",- აღნიშნა მაია მახარაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკების უმეტესობა, რომლებმაც აკრედიტაცია ჯერ ვერ მიიღეს არაქსელურია. ზოგადად კი პროცესი ყველგან დაწყებულია.
"უმეტესწილად, კლინიკები, რომლებმაც აკრედიტაცია ჯერჯერობით ვერ მიიღეს, არის არაქსელური, ცალკე მდგომი. ქსელებმა შეძლეს, ეს პროცესები რაიონულ კლინიკებშიც ჩაეტანათ. ვიტყოდი, რომ არც ერთი კლინიკა არაა ისეთი, რომელსაც პროცესი არ დაუწია. პროცესში შესული არიან და როგორც კი ამ პროცესში შედიხარ, საკმაოდ ხელშესახები შედეგები დგება. პროცესში შესვლა უკვე პოზიტიურია და ნიშნავს, რომ გაუმჯობესებისკენ მიდის",- განმარტა მაია მახარაშვილმა.
მისივე თქმით, ასოციაციის ფოკუსი 2025 წლისთვის DRG-ს დაფინანსების სისტემაზე რჩება.
"მთავარი საფიქრალი, რაზეც გადაწყვეტილებები გვჭირდება ესაა ისევ DRG-ს დაფინანსების სისტემა. ის მექანიზმები უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც მუდმივ რეჟიმში, წელიწადში ერთხელ ამის გადახედვას გააკეთებს",- განაცხადა ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2024 წლის ბოლომდე უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებითი ვადა მისცა. საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონარულრმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებს კი, ამისთვის მთელი წელი ექნებათ. მათთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებების უდიდესმა ნაწილმა აკრედიტაცია უკვე მოიპოვა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო ვალდებულებების ვადებში სრულად შესრულება.