მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მხარდაჭერა სჭირდება ღვინის ინდუსტრიას სახელმწიფოსგან - "აქტო ჯგუფის" შეფასება

5eb2a34660d7e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.20 16:49
3074
მენეჯმენტისა და წარმოების მართვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „აქტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

როგორც ის BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტავს, გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გავლენას ახდენს ღვინის ექსპორტის შემცირებაზე, არამხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიო მასშტაბითაც.

„რა თქმა უნდა, გლობალური პანდემია ის დიდი მიზეზია, რის გამოც ჩვენ კლება გვაქვს ღვინის ექსპორტში. ეს აისახა არამარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ეს არის ახალი შესაძლებლობების და განვითარებისთვის იგივე პერიოდი, რომელიც გვქონდა 2006 წელს, როდესაც რუსეთის ემბარგოს გამო იმ დროისთვის მთავარი ბაზარი დაიკეტა და კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწიათ. იმ პერიოდმა ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვეპოვებინა ჩინეთის ბაზარი, პოლონეთის ბაზარი და დღეის მდგომარეობით, როდესაც 2019 წელი დასრულდა, ქართული ღვინის ჯამურმა ექსპორტმა 95 მლნ ბოთლს გადააჭარბა 50-ზე მეტ ქვეყანაში. მართალია, მაშინ სხვა გამოწვევები იყო და დღეს სხვა გამოწვევებია, მაგრამ საერთაშორისო კომპანიებს შორის ურთიერთობა არ წყდება ისეთ მსხვილ კომპანიებთან მიმართებაშიც, რომლებსაც დღეს არ აქვთ შესაძლებლობა, გამოფენებზე გაიცნონ ახალი მწარმოებელები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტ-კომუნიკაციით და ახალი შესაძლებლობების გახსნით მივაწოდოთ ინფორმაცია ქართულ კომპანიებზე“, - ამბობს გიორგი ეზუგბაია.

„აქტო ჯგუფის“ გენერალურის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კომპანიები ფინანსურად უფრო სტაბილურები არიან, სახელმწიფოს მხრიდან ისინიც, როგორც ღვინის ინდუსტრიის მცირე და საშუალო მოთამაშეებიც, საჭიროებენ დახმარებას.

„რაც შეეხება დახმარების ნაწილს - ეს არის, პირველ რიგში, კომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერა, ასევე, ძალიან დიდ რაოდენობას აქვს ნიმუშების გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები; კომპანიას, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინის სხვადასხვა სახეობები გამოფენაზე, ის სთხოვს ამ კომპანიებს, რომ მიაწოდონ ნიმუშები, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისთვის პრეზენტაციები, მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობა საშუალო და მცირე მარნებს არ აქვთ. მსხვილ ბიზნესებს ამის ფინანსური რესურსი აქვთ და ახორციელებენ ამ აქტივობებს, თუმცა მცირე და საშუალო კომპანიები - ვერ, ამიტომ მათი მხარდაჭერა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია ღვინის ბაზრის დივერსიფიცირებაც და 50 ქვეყანა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ ეს დივერსიფიკაცია, რომ არ ვიყოთ მეტწილად ერთ ბაზარზე დამოკიდებული. ამისთვის საჭიროა, პარტნიორებთან სწორად მუშაობა, ღვინის ხარისხზე მუშაობა და შემდეგ მარკეტინგული კამპანიების განხორციელება. დიდ კომპანიებსაც აქვთ შესაბამისი ფინანსური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრად მეტი მოცულობის მარკეტინგული დანახარჯები უნდა განახორციელონ ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთის თუ ევროპის ბაზრებზე, მაგრამ დღეს ეს არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო რესურსით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ აქ განხორციელდეს“, - განაცხადა „აქტო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.

ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სუბსიდიის ის ნაწილი, რომელიც გამოფენებზე იხარჯებოდა, კომპანიების მხარდაჭერისთვის უნდა მიმართოს.

„სახელმწიფო ახორციელებდა სუბსიდირებას, თანადაფინანებას, როდესაც იგეგმებოდა სხვადასხვა გამოფენები - აზიის, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში, დღეს ეს ხარჯები ასე ვთქვათ აკუმულირებულია და შეგვიძლია ეს თანხები მივმართოთ იმ დიდი, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერისთვის, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ მარკეტინგული მხარდაჭერა და პოპულარიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც ქართული ღვინო უკვე რეალიზდება, უკვე გვყავს პარტნიორები და უკვე შეგვიძლია, რომ რაოდენობრივად და ასორტიმენტში აქტიურობაზე გავაკეთოთ აქცენტი“, - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები