მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნაბიჯებს დგამს საქართველო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად?

625f9658b5562
დავით ჯალაღონია
20.04.22 22:06
1526
მიმდინარე წლის 5 აპრილს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. დოკუმენტში სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზეა საუბარი.

კერძოდ, წარმომადგენლობითი პალატა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად მოლაპარაკებების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რა საფუძველია დღეს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნის მიზნით დიალოგი ოფიციალურად დაიწყოს, ამ თემაზე BM.GE აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ციკოლიას ესაუბრა.

მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების ბედი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებში რა საკითხებია თავმოყრილი და მსოფლიოს რომელ რეგიონშია მათი ყურადღება მიმართული. ამ თვალსაზრისით, ციკოლია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს უსვამს ხაზს და აქვე იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც გასული თვეების განმავლობაში გადაიდგა.

"წინა ადმინისტრაციის დროს იცით, რომ არაერთი წინსვლა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ამ თემებზე უმაღლეს დონეზეც გვქონდა საუბარი, თუმცა ბოლო სვლა დიდ პოლიტიკურ პროცესში ვერ მოესწრო და ჩვენ ამ პროცესს დღესაც ვაგრძელებთ. ნათელი მაგალითი იმისა, თუ სად არის ამ პროცესთან დაკავშირებით ამერიკა ჩვენთან, შეიძლება იყოს წინა კვირას, წარმომადგენელთა პალატაში საგარეო კომიტეტის დონეზე გატანილი ე.წ საქართველოს მხარდაჭერთა აქტი - კანონი, რომელშიც ასახულია ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი კომპონენტი და იქ ნათლად არის საუბარი იმაზე, რომ კონგრესი მხარს უჭერს თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან და სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, საქართველოსთან ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ეს კანონი გაცდა საგარეო კომიტეტს. შემდგომი ეტაპია მისი კენჭისყრაზე გატანა.

მანამდე, 2 თვით ადრე, 20-მდე კონგრესმენმა სავაჭრო წარმომადგენელს მიწერა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ოფიციალურად დაწყება მოითხოვა, თუმცა როგორც ვთქვი, ძალიან დიდი პროცესია, რომელიც ბევრ რაღაცას უკავშირდება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ჯგუფმა, რომელიც ამ ქვეყანაში სავაჭრო პოლიტიკის პროცესშია ჩართული, ერთიანად, ერთდროულად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და შემდგომ ფაზაზე გადავიდეთ, რაც უკვე მოლაპარაკებების დაწყებაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ იმედს არათუ არ ვკარგავთ, საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილნი და შესაბამისად ჩვენმა პარტნიორებმა ეს კარგად იციან", - განმარტა გიორგი ციკოლიამ.

აქვე, დიპლომატი აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აშშ-სთან მსგავსი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რაც არაერთი ფაქტორით არის განპირობებული.

"ვგულისხმობ იმას, რომ შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ვაშინგტონში, ბევრი პოლიტიკური ინტერესია, ძალიან ბევრი პოლიტიკოსია, რომელიც ამავდროულად საკუთარი შტატის, თუ შტატის ნაწილის ინტერესებს წარადგენს. არსებობს ბიზნესები, რომლებიც ყურადღებას საკუთარ ინდუსტრიას, მიმართულებას აქცევენ და ლობირებენ. გარდა ამისა, არიან პოლიტიკოსები, რომელთან გლობალურად ვაჭრობასთან დაკავშირებით პოლიტიკური იდეები აქვთ, რომელთაც შემდგომ უკვე საარჩევნო კამპანიების დროს ღიად აზიარებენ და ხშირ შემთხვევაში, ერთობა, თუ როგორი უნდა იყოს სავაჭრო პოლიტიკა, შეერთებულ შტატებში რთულად წარმოსადგენია.

გლობალურ ვაჭრობაში შეერთებული შტატების ჩართულობა პოლიტიზირებული თემაა და ბოლო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის დიდი ხელშეკრულებები, რომელთან დაკავშირებით შეერთებული შტატები როგორც ევროკავშირთან, ისე აზიურ ქვეყნებთან მიმართებით იყო ჩართული. როგორც იცით, ადმინისტრაციის ცვლილების დროს, 2016 წელს, როცა მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაში გადავიდა და შინაარსობრივად დასრულებული იყო, საბოლოოდ ისინი შეჩერდა.

ჩვენ ბევრად პატარა ქვეყანა ვართ. ასეთი ტიპის ხელშეკრულება გარკვეული ტიპის ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებს არ წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკური პროცესი განსხვავებული არ არის და ბევრ რამესთან არის კავშირში და ამის სინთეზია აუცილებელი, თუ სად არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, ბიზნეს ჯგუფები. ყველაფერი ერთობაში უნდა მოხდეს ისე, რომ ასეთმა ხელშეკრულებამ წინ წაიწიოს და გარკვეული იღბალიც არის საჭირო. იგივე, სინგაპურის მაგალითი რომ ავიღოთ - ათეული წელი დასჭირდა სინგაპურს ასეთი ტიპის ხელშეკრულების გასაფორმებლად და წლების განმავლობაში ლობირებდა ამ ქვეყნის მასშტაბით ამ საკითხს. საბოლოოდ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, ერთობა მოხდა იმისა, რომ კონგრესსა და ადმინისტრაციაში ერთიანი პოლიტიკა არსებობდა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის გარშემო", - განმარტა გიორგი ციკოლიამ.

მისივე თქმით, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, როდის დაიწყება აშშ-საქართველოს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქონლით სავაჭრო ბრუნვას ძირითადად მზარდი ტენდენცია აქვს. საქსტატის 2021 წლის ანგარიშში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები