ჩვენს წერილზე უკუკავშირი შედგა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, - ამის შესახებ კომპანია „ინვეტის“ დირექტორმა, დავით შალამბერიძემ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ მეფრინველეობა-მეკვერცხეობის ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერს წერილით მიმართავენ და მთავრობის მეთაურთან შეხვედრას ითხოვენ.
„იყო უკუკავშირი, დაგვიკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და შემოგვთავაზეს შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან. ჩვენ წინა პერიოდში შევხვდით მინისტრის მოადგილეს, გარკვეული პრობლემები მოგვარდა, მაგრამ კიდევ დარჩა ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი, განსაკუთრებით ქათმის ხორცის წარმოების კუთხით. ჩვენი ფერმერები არაკონკურენტუნარიანები გახდნენ დემპინგური ფასებით შემოსვლასთან დაკავშირებით, ვთხოვდით, რომ უფრო მაღალი რანგის ყოფილიყო შეხვედრა, რადგან მინისტრის მოადგილესთან ბევრი პრობლემა ვერ მოგვარდება“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მინისტრთან პირველი შეხვედრის დროს მოგვარდა კვერცხის იმპორტის საკითხი და მეკვერცხული მიმართულების ფერმერებმა შედარებით ამოისუნთქეს.
"ვადები გაკონტროლდა, ვადაგასული კვერცხი ამოიღეს და ა.შ. ხორცის მწარმოებლებს კვლავ დარჩათ პრობლემები. ხორცი დიდი რაოდენობით შემოდის დემპინგურ ფასში, თურქეთსაც შეექმნა რეალიზაციის პრობლემა და ცდილობს მოიშოროს რაც შეუძლია. ასეთ დროს გიგანტური მწარმოებლებისგან ხდება ჩვენი ბაზრის წალეკვა, რა თქმა უნდა, დროებითი დემპინგური ფასებით, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს ფერმერებს“, - განმარტავს ფერმერი.
შალამბერიძის თქმით, ბიზნესი მუდმივ რეჟიმში ელოდება გამოხმაურებას მთავრობისგან, რომ პრემიერთან შეხვედრა დაორგანიზდება.




























