სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო გარემოს კვლევის ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა პოლარიზაციის მაღალი დონეა - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, ორგანიზაციის კვლევა წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე, 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, პერიოდს მოიცავს.
"რადგან ოფიციალურად არ იყო დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიები, იმდენი პრობლემა და საკითხი ვერ გავაშუქეთ ამ ანგარიშში, მაგრამ მაინც საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა. მთავარი საკითხი პოლარიზაციის მაღალი დონეა, რასაც ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა არის მმართველი პარტიის მიერ ბოლო ხანს გავრცელებული რიტორიკა, რომელიც ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, რაც, თავისი შინაარსით, არაკონსტიტუციური დაპირებაა.
ჩანაწერი, რაც დღეს საქართველოს კონსტიტუციაშია, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ის დემოკრატიულად ჩაითვალოს და საზოგადოებისთვის საგანგაშო უნდა იყოს გზავნილი, რომ ისინი კონსტიტუციის იმგვარ ცვლილებას აპირებენ, რითაც ჩანაწერი თავისი შინაარსით არადემოკრატიული გახდება და არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებიც ჩვენს კონტინენტზეა დამკვიდრებული", - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ISFED-ის ანგარიშში რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივ პოლარიზებაზე მის გავლენაზეცაა საუბარი. ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, რომ კანონის ფონზე გაზრდილი ტემპერატურა წინასაარჩევნოდ, როგორც წესი, კარგი არ არის.
"ეს პერიოდი გამოირჩეოდა ე.წ. რუსული კანონის მიღებით, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებით და ამ გზით საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად პოლარიზებით. ჩვენ ვნახეთ ათეული ათასი მოქალაქე გამოსული არაერთი კვირის განმავლობაში, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ კანონის მიღებას, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ფაქტობრივად გაჩერდა ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ტემპერატურა - ეს, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ კარგი არ არის", - ამბობს ნატროშვილი.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიდისთვის კარგი პრაქტიკაა, როდესაც პარტიებისთვის საარჩევნო ველი "სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლასთან" არ ასოცირდება.
"წინა საარჩევნოდ კარგი პრაქტიკაა, როდესაც პოლიტიკური პარტიები ამ პროცესს არ უყურებენ როგორც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, რომ “მე თუ გავიმარჯვე აღარ იქნები და შენ თუ გაიმარჯვე მე აღარ ვიქნები”. ეს ყველაზე მეტად აზიანებს საარჩევნო პროცესს.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად კონსტრუქციულ დებატებში იყვნენ ჩართული, დაობდნენ საარჩევნო პროგრამებით და ამით აწონებდნენ ამომრჩეველს თავს და ასეთი რიტორიკით - ესაა მთავარი პრობლემა, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ და ეს გრძელდება უკვე არა მხოლოდ პარტიების მიმართ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიური ნაწილის მიმართაც", - აცხადებს ლევან ნატროშვილი.