მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს აწყდება საქართველოში ბიზნესი? - EBA-ს კვლევა

62b21ae9c0987
ალა ისპირიანი
21.06.22 23:29
1395
EBA–ს(ევროპული ბიზნესასოციაციის) კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი ბიზნესებსათვის, ეროვნული ვალუტის მერყეობა, არაკვალიფიციური მუშახელი და პოლიტიკური არასტაბილურობა აღმოჩნდა ის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც მათი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

როგორც Bm.ge -სთან აღნიშნული კვლევის ავტორმა, თენგიზ ლომიტაშვილმა განაცხადა პრობლემები რეფორმების რელევანტურობის კუთხითაც არსებობს.

"საქართველოში დაახლოებით 1 200 აქტიური კომპანიაა, რომელშიც ევროპული კაპიტალი მონაწილეობს. არსებობს ბიზნესები, რომლებშიც საკუთრებითი მონაწილეობის გარდა ბევრი სხვა ევროპული ინტერესია, მათ შორისაა, ევროპასთან ექსპორტით და იმპორტით კავშირი და სხვა არახილული კავშირები, ამიტომ ეს ბიზნესები თავის თავს ევროპასთან ასოცირებენ და მათი აზრი მნიშვნელოვანია.

ამ კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა: რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში, რა აწუხებთ და როგორ აფასებენ ბიზნესგარემოს? ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაცია, ბიზნეს ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა, რაშიც საქართველომ ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადა. ევროპის ბაზარზე წვდომა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება.

რაც შეეხება პრობლემებს, რამდენიმე გამოწვევა გამოიყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის პრობლემა და პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც როგორც გარეშე გლობალური და რეგიონული გეოპოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ასევე შიდა არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოთი, ეს ბიზნესისთვის, როგორც არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო ისე ითარგმნება. ასეთ გარემოში რთულია რაიმე დაგეგმო და ეკონომიკური ოპერირება აწარმოო.

იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო კურსზე, რაც გაურკვევლობას იწვევს და საბოლოოდ ბიზნესს აზარალებს. არსებობს რეფორმები, რომლის მიმართაც ბიზნესს არ აქვს განცდა, რომ ეს რეფორმები მათთვის რელევანტურია, მაგალითად სასამართლოს რეფორმა. ბიზნესის დაახლოებით 50% სასამართლო რეფორმას აფასებს როგორც არარელევანტური", - განაცხადა თენგიზ ლომიტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კვლევა ევროპულმა ბიზნესასოციაციამ (EBA) 200 კომპანიაზე დაყრდნობით მოამზადა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა. ბიზნესის საჭიროებების კვლევის მომდევნო ეტაპი მისი განხილვა და გამოსავლის გზების ძიება იქნება, რომელსაც კონკრეტულ ფორმატში განიხილავენ. ეს ფორმატი კი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ჩართულობით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები