„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე დაასახელა.ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოზიციაზე წარსულშიც მუშაობდა - 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე, რის შემდეგაც ის თორნიკე რიჟვაძემ შეცვალა. ახლა პატარაძე სულხან თამაზაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ შს მინისტრის პოსტს იკავებს.
bm.ge გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას პატარაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც მან 2025 წლის 27 ივლისს შევსებულ დეკლარაციაში ასახა.
დოკუმენტის მიხედვით, ზურაბ პატარაძემ დედისგან საჩუქრად 56 812 აშშ დოლარი მიიღო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს თანხა დედამ გრძელვადიანი ანაბრის დახურვის შედეგად გადასცა შვილს, პატარაძემ კი აღნიშნული თანხით იპოთეკური სესხის ძირითადი ნაწილი შეამცირა.
დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძემ და მისმა მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეიძინეს.
სახლი წავკისში: 2023 წლის 28 ივლისს, სოფიო ბაკურიძემ დაბა წავკისში (კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ) შეიძინა 384.1 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი (მშენებარე), რაშიც 380 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ბინები თბილისსა და ქობულეთში:
- სოფიო ბაკურიძემ 2025 წლის 5 მარტს ჩუქებით მიიღო 119.05 კვ.მ. ბინა თბილისში, თინა იოსებიძის ქუჩაზე.
- ზურაბ პატარაძე ფლობს 90.2 კვ.მ. ბინას ქობულეთში (აღმაშენებლის გამზირი), რომელიც 2006 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
- ასევე, პატარაძის საკუთრებაშია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 158.77 კვ.მ. ბინა, რომელიც 2011 წელს 280 000 ლარად შეიძინა (ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად 2008 წელს გაფორმდა).
2024 წლის განმავლობაში პატარაძის ოჯახის წევრებმა შემდეგი ანაზღაურება მიიღეს:
- ზურაბ პატარაძე: აზერბაიჯანში ელჩის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 98 094 აშშ დოლარი შეადგინა. დამატებით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ხელფასის სახით მიიღო 7 704.84 ლარი.
- სოფიო ბაკურიძე: მუშაობდა კომპანია „SOCAR Midstream Operations Ltd.“-ში სოციალური ინვესტიციების მრჩევლად, სადაც მისი წლიური შემოსავალი (ბონუსის ჩათვლით) 75 168 აზერბაიჯანული მანათი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახი ფლობდა შემდეგ თანხებს საბანკო ანგარიშებზე:
- ზურაბ პატარაძე: „საქართველოს ბანკში“ ჯამში 19 946 ლარი (სახელფასო და საკრედიტო), „Kapital Bank“-ში კი 2 042 აშშ დოლარი და 6 509 მანათი.
- სოფიო ბაკურიძე: „საქართველოს ბანკში“ დაახლოებით 9 558 ლარი, ხოლო აზერბაიჯანულ ბანკებში (Pasha Bank, International Bank of Azerbaijan) მცირე ნაშთები მანათებში.
- ელენე პატარაძე (შვილი): „Kapital Bank“-ში 102.47 მანათი.
- ნაღდი ფულადი დანაზოგის სახით, პატარაძეს მითითებული აქვს 3 000 აშშ დოლარი, ხოლო მის მეუღლეს 2 000 აშშ დოლარი.
დეკლარაციაში ასევე ფიქსირდება ფინანსური გასავლები:
- რეზიდენციის ქირავნობა - 36 000 აშშ დოლარი.
- იპოთეკური კრედიტის მომსახურება - 78 233.57 აშშ დოლარი.
- საცხოვრებელი სახლის რემონტი - 60 000 ლარი.
- შვილების სწავლის საფასური - ჯამში 14 359 ევრო.
- სამედიცინო მომსახურება - 10 000 ლარი.
- ავიაბილეთები - 3 545 მანათი.
პატარაძემ ასევე მიუთითა 25 400 ლარი და 2 000 აშშ დოლარი, რომელიც მეგობრისა და ნათესავის თხოვნით ნივთების შესაძენად ან სესხის დასაფარად დაირიცხა მის ანგარიშზე.




























