მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებული ვლადიმერ ღუდუშაური - დეკლარაცია

ვლადიმერ ღუდუშაური

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო.

თავდაცვის სამინისტოში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გასული წლის 17 ოქტომბერს პირობითი მსჯავრით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ ღუდუშაურმა წინა წელს ორ საჯარო სამსახურში შემდეგი შემოსავალი მიიღო:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი / აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე) - 2025 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 11 875 ლარი.
  • შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ - 2025 წლის 1 მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 35 841 ლარი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, თათია გეწაძეს, ის მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად, სადაც მთელი წლის განმავლობაში (01.01.2025 – 31.12.2025) ანაზღაურების სახით მიიღო 26 869 ლარი.

დეკლარაციაში ასახულია ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

ვლადიმერ ღუდუშაური ფლობს 100%-იან წილს ქალაქ თბილისში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაზე (96 კვ.მ) და ავტოფარეხზე (22,14 კვ.მ). ორივე მათგანი შეძენილია 2016 წლის 14 დეკემბერს ნასყიდობის ფორმით (ბინაში გადახდილია 65 000 აშშ დოლარი, ხოლო ავტოფარეხში 2 000 აშშ დოლარი).

თათია გეწაძე ფლობს 100%-იან წილს ამბროლაურში სოფელ წესში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე (640 კვ.მ). ქონება მიღებულია 2023 წლის 13 აგვისტოს მემკვიდრეობით (გადახდილი საფასური: 0). აქვე მითითებულია შენობა-ნაგებობა N01 სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე.

მოძრავი ქონების ნაწილში ვლადიმერ ღუდუშაურმა მიუთითა, რომ 2024 წლის 16 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით 62 300 აშშ დოლარად შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA, LAND CRUISER LC 250 (2024 წლის გამოშვება). შენიშვნაში მითითებულია, რომ მანქანა შეძენილ იქნა „თიბისი ბანკიდან“ აღებული სესხით.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ვლადიმერ ღუდუშაურს, თათია გეწაძესა და მათ შვილებს ( „სქულ-ქარდის“ ანგარიშებზე) „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ არსებულ სახელფასო, მიმდინარე თუ საგარეო ვალუტის ანგარიშებზე ნაშთის სახით უფიქსირდებათ 0 ლარი / 0 აშშ დოლარი.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს , ხოლო ნაღდი ფულადი თანხის ნაწილი, რომლის ოდენობაც აღემატება 10 000 ლარს, მონაცემებს არ შეიცავს. ოჯახის წევრები ასევე არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახის წევრებს რამდენიმე აქტიური თუ დაფარული სასესხო ვალდებულება აქვთ:

  • ვლადიმერ ღუდუშაური - იპოთეკური სესხი (სს „თიბისი ბანკი“), 72 000 აშშ დოლარი, გაფორმებული 14.12.2016-დან 23.12.2031-მდე. გასულ წელს გასავალმა შეადგინა 3 043 აშშ დოლარი.
  • ვლადიმერ ღუდუშაური - იპოთეკური სესხი (სს „თიბისი ბანკი“), 79 100 ლარი, გაფორმებული 06.08.2020-დან 23.07.2030-მდე. გასულ წელს გასავალმა შეადგინა 13 676 ლარი.
  • თათია გეწაძე - სამომხმარებლო სესხი (სს „თიბისი ბანკი“), 11 500 ლარი, გაფორმებული 06.09.2017-დან 27.08.2027-მდე. გასულ წელს გასავალმა შეადგინა 2 449 ლარი.
  • ვლადიმერ ღუდუშაური - ავტო-განვადება (სს „თიბისი ბანკი“), 134 488 ლარი, გაფორმებული 16.09.2024-დან 20.09.2030-მდე. მატერიალური შედეგი (გასავალი) მითითებულია 151 532 ლარი და აღნიშნულია, რომ ეს სესხი დაიფარა სრულად.
  • ვლადიმერ ღუდუშაური - პირადი სესხი ფიზიკური პირისგან (მარეგისტრირებელი ორგანოს გარეშე), 130 000 ლარი, გაფორმებული 24.04.2025-დან 31.12.2026-მდე. გასულ წელს მიღებულმა მატერიალურმა შედეგმა (შემოსავალმა) შეადგინა 130 000 ლარი.

დეკლარაციის სხვა ფურცლებზე (საჩუქრები, სხვა სახის შემოსავლები/გასავლები) მონაცემები არ არის დაფიქსირებული.

ვლადიმერ ღუდუშაური 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე მოწმედ პროკურატურამ გამოიძახა 2026 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე. მან თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო და შეასრულა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ არ ჰქონდა გამოცდილება და ცოდნა სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის. სწორედ ამას უკავშირებს, რომ თავის დროზე “ვერ მიხვდა”, სამინისტროს ბიუჯეტს ზიანს რომ აყენებდა. თუმცა ეს გაიაზრა გამოძიების დაწყებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ.

იგივე საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ჯუანშერ ბურჭულაძეს. მასთან ერთად, პატიმრობა მიუსაჯეს ამავე საქმეებზე დაკავებულებს:

  • ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას - 8 წელი;
  • ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს - 8 წელი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მიერ გასულ წელს მიღებული ცვლილებების თანახმად, დეკლარაციების 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შევსების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამამტყნებელი განაჩენი.განაჩენი უნდა უკავშირდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ „სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულებს“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები