მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი?

მიხეილ სარჯველაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. სარჯველაძე საჯარო სამსახურში 12 წელია საქმიანობს და ის 2012-2013 წლებში აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ 2013-2020 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ამასთან 2018-2020 წლებში მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2022 წლის არჩევნების შემდგომ მან პარლამენტში გადაინაცვლა.

მიხეილ სარჯველაძეს აღნიშნულ პერიოდში 12 ქონებრივი დეკლარაცია აქვს შევსებული, მათ შორის უკანასკნელი 2024 წლის 28 თებერვალს წარადგინა და ის 2023 წელს მიღებულ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

დეკლარაციის თანახმად, სარჯველაძის მეუღლემ ელენე შენგელაიამ 2022 წელს 39,490 ლარად შეიძინა 1045 და 750 კვადრატული მეტრის ნაკვეთებს საგურამოში. დეკლარაციის მიხედვით, სარჯველაძის მეუღლე ასევე ფლობს 57 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას თბილისში იოსებიძის ქუჩაზე.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მიხეილ სარჯველაძის მიერ მითითებულ ანგარიშებზე სულ 136,258 ლარი ირიცხება, ხოლო მისი მეუღლის ანგარიშებზე 59,319 ლარი არის განთავსებული. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სარჯველაძე ნაღდი ფულის სახით სახლში 13,500 ლარს ინახავს.

რაც შეეხება შემოსავლებს, მიხეილ სარჯველაძემ 2023 წელს პარლამენტიდან 53,449 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო. მისი მეუღლე ელენე შენგელაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიის და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია. საგანმანათლებლო საქმიანობით მისმა შემოსავალმა 30,781 ლარი შეადგინა, ამასთან შენგელაია საქმიანობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრშიც, სადაც ხელფასის სახით 1,780 ლარს უთითებს.

სხვა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მიხეილ სარჯველაძე უთითებს შემოსავალს ანაბრებიდან 13,774 ლარის ოდენობით, ასევე შვილის სწავლის საფასურს 5,862 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები