მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ქრთამის აღების რამდენიმე ფაქტისთვის დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილი? - დეკლარაცია

გრიგოლ ლილუაშვილი

დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მას 4 საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გრიგოლ ლილუაშვილი "ოცნების" პრემიერმა ლილუაშვილი სუსიდან გაშვების შემდეგ ჯერ რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატად წარადგინა, შემდეგ გადაწყვეტილება "რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო" ერთ დღეში შეიცვალა და სამინისტრო კახა გულედანს ჩააბარეს.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ლილუაშვილის დეკლარაცია, რომელსაც რამდენიმე მილიონის ქრთამის აღებას ედავებიან.

ყოფილი მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია ასეთია:

დეკლარაცია ლილუაშვილმა 2025 წლის აპრილში შეავსო, რომლის მიხედვითაც, არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ გააჩნია პირად საკუთრებაში.

მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი toyota rav4, რომელშიც 2021 წელს 10 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

გრიგოლ ლილუაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა75 000 დოლარი და 8 500 ევრო.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ხელფასის სახით აღებული აქვს წლიურად 141 274 ლარი.

სუს-ის ვებგვერდის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება ასეთია:

  • 2019 წლის ოქტომბრიდან გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.
  • 2019 წლის იანვრიდან 2019 ოქტომბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე - უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
  • 2016-2017 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, მაჟორიტარი დეპუტატი.
  • 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე იგი იყო ქ.თბილისის მერის მოადგილე.
  • 2015-2016 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
  • 2014-2016 წლებში მუშაობდა შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტში“, გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
  • 2013-2014 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი იყო.
  • 2008-2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ დირექტორის პირველი მოადგილე.
  • ამავე პერიოდში იგი იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის“ შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2006-2008 წლებში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • 2006-2007 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის ლექტორად, სადაც კითხულობდა საბაჟო საქმეს.
  • 2004-2006 წლებში იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის” გადაზიდვებისა და საბაჟო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
  • 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO”- ს მოსკოვის ოფისში, დსთ-ს ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა საბჭოში.
  • 2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
  • 1999-2001 წლებში იყო ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზების“ მარკეტინგის მენეჯერი, ხოლო 1998-1999 წლებში კი - ამავე კომპანიის ბუღალტერი.
  • გრიგოლ ლილუაშვილმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და მას მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლები სუსმა ოქტომბერში გაჩხრიკა. მაშინ ბრალი წარდგენილი არც ერთ პირს არ ჰქონდა. ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარი ამოიღეს.

იქამდე კობახიძემ თქვა:

2 აპრილი, 2025: „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“.

4 აპრილი, 2025: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები