"იგლ ჰილს საქართველოს" გენერალური მენეჯერი თორნიკე ზირაქიშვილი გახდა. ზირაქიშვილმა ფაქტი bm.ge-ს დაუდასტურა.
კითხვაზე, დარჩება თუ არა დირექტორის პოსტზე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი ზირაქიშვილმა თქვა: "გავრდივართ იურიდიულ საკითხებს. ჯერ პროცესია".
ზირაქიშვილი ამ დრომდე სააგენტოს "აწარმოე საქართველო" დირექტორის მოადგილე იყო და შპს იგლ ჰილს საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
bm.ge დაინტერესდა, როგორია მისი სამუშაო გამოცდილება და დეკლარაცია.
ქონებრივი დეკლარაცია
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 28 დეკემბერს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე ზირაქიშვილის შემოსავალმა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2024 წლის განმავლობაში, 100 087 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მან იორდანიაში ტრენერობისთვის, Policy and Management Consulting-დან 4 770 აშშ დოლარი მიიღო.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ანა ჩიქოვანს, მისი წლიური შემოსავლები რამდენიმე წყაროდან ნაწილდება:
- შპს „ემ თი ეი“ (დირექტორის მოადგილე) — 102 853,48 ლარი;
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (იურიდიული კონსულტანტი) — 25 326 ლარი;
- ამავე კომპანიიდან („ემ თი ეი“) დაზღვევის სახით მიღებული შემოსავალი — 604,49 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ოჯახი სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა:
თორნიკე ზირაქიშვილი:
- საქართველოს ბანკი (დეპოზიტი): 26 000 ლარი და 10 000 აშშ დოლარი;
- სახელფასო ანგარიში: 8 658,32 ლარი.
ანა ჩიქოვანი:
საქართველოს ბანკი (ანაბრები): 34 410,28 ლარი, 16 479,15 აშშ დოლარი და 84 055,9 ლარი.
დეკლარაციაში ფიქსირდება ანა ჩიქოვანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისში (ძველი ვეძისი), რომელიც 2022 წელს 2 000 ლარად არის შეძენილი. სხვა უძრავი, ან მოძრავი ქონება ოჯახის სახელზე რეგისტრირებული არ არის.
ასევე, ანა ჩიქოვანი ფლობს აქციებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, მათ შორის: AI, SPY, PLTR და IONQ.
სხვა ფინანსური ვალდებულებები და საჩუქარი
თორნიკე ზირაქიშვილს 2017 წელს აღებული აქვს იპოთეკური სესხი, რომლის აქტიური ღირებულება 21 000 ლარია.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მან ოჯახის წევრებისგან საჩუქრად მიიღო 4 500 ლარის ღირებულების მაჯის საათი.
საქმიანი ბიოგრაფია
2019 წლიდან დღემდე იკავებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის პოზიციას.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ (2017–2018), ასევე იყო საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი (2016–2018) და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (2014–2016).
2010–2013 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის დეპარტამენტში, სადაც ეკავა მესამე და პირველი მდივნის თანამდებობები.
განათლება მიიღო აშშ-ში — University of West Georgia-ში, სადაც 2009 წელს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ასევე აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტიდან (2016).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.
"Eagle Hills საქართველომ" საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 18 ნოემბერს მიმართა. წარდგენილი ცვლილებები კაპიტალის ცვლილებასა და A და B კლასის წილების გამოშვებას ითვალისწინებდა, თუმცა რეესტრმა 19 ნოემბერს მიუთითა, რომ მოთხოვნილი ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა და კომპანიას დოკუმენტაციის განახლებისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.




























