მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებით მივიდა კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიაში და რა ქონებით დატოვა? - დეკლარაცია

კახა ბექაური

კახი ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა გასულ კვირას ამოეწურა.

ბექაური კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 2 ვადით იკავებდა. ის კომუნიკაციების კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი კომისიის თავმჯდომარე იყო.

კომისიამ ახალი თავმჯდომარე გოგა გულორდავა დღეს, 29 იანვარს აირჩია.

რა ქონებით მივიდა კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიაში და რა ქონებით დატოვა? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად bm.ge-მ მისი ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.

ბექაურმა პირველი დეკლარაცია 2014 წელს შეავსო, რომლის მიხედვითაც ფლობდა 65 კვ.მ ბინას თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე. სხვა უძრავი და მოძრავი ქონება რეგისტრირებული არ ჰქონდა.

მისი მეუღლის, ეკა ბერიძის საკუთრება იყო ბინები: ლისის ტბის მიმდებარედ 92.30 კვ.მ, აბაშიძის ქუჩაზე 60.00 კვ.მ. ასევე, ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 21 კვ.მ.

კახი ბექაური მაშინაც ფლობდა შპს „ორი ნაბიჯს“, თუმცა საწარმოსგან შემოსავალი დეკლარაციის პერიოდში არ მიუღია. ეკატერინე ბერიძის ანაზღაურებადი საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2013 წელს ჯამში 100 000 ლარი შეადგინა.

დეკლარაციაში ასევე ასახულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და რამდენიმე სესხის ხელშეკრულება, მათ შორის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები. დამატებით, ოჯახს განათლების ხარჯებზე გაწეული აქვს 6 900 ლარის ოდენობის გასავალი.

რაც შეეხება 2025 წელს შევსებულ დეკლარაციას, დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე უკვე ფლობენ 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს, 7 ავტომობილს, 4 ძვირად ღირებულ მაჯის საათს და 5 ცეცხლსასროლ იარაღს.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კახა ბექაური ფლობს 7 მსუბუქ ავტომობილს, რომელთა საერთო ღირებულებაც მათი შესყიდვის დროს 2.1 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Range Rover Autobiography არის, რომელშიც ბექაურმა 2022 წელს 602 ათასი ლარი გადაიხადა, ასევე Porsche Panamera GTS, რომელშიც ასევე 2022 წელს ბექაურმა 372 ათასი ლარი გადაიხადა. 2023 წელს კი ბექაურმა Land Rover Defender-ი 326 ათას ლარად შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კახა ბექაური ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 6.2 მილიონი ლარის დანაზოგებს, ასევე აქციების პორტფელს, რომელშიც ბექაურმა 2022-2023 წლებში 599 ათასი დოლარი გადაიხადა, მათ შორისაა Spotify-ის, Airbnb-ისა და სხვა კომპანიებს აქციები.

ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური მისი მეუღლის, ეკატერინე ბერიძის შემოსავლებზეც უთითებს ინფორმაციას, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიაში მისი ანაზღაურება გასულ წელს 297 ათას ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მსხვილ ხარჯებს, კახი ბექაური უთითებს 1.5 მილიონი ლარის ავეჯის ხარჯებს, 390 ათასი ლარის საინჟინრო და ელექტროსისტემების ხარჯებს, ეზოს გამწვანების 136 ათასი ლარის ხარჯებს, მილკვადრატით მოპირკეთების 179 ათასი ლარის ხარჯებს, 125 ათასი ლარის ტექნიკის ხარჯებს, გარე გრილის მოწყობის 43 ათასი ლარის ხარჯებს, პარკეტის ხარჯებს 52 ათასი ლარის ოდენობით, კარებების, კარის აქსესუარების და სარემონტო მასალების ღირებულებას 130 ათასი ლარის ოდენობით, შიდა და გარე განათების მოწყობის 342 ათასი ლარის ხარჯებს, მზის ელექტროპანელების მოწყობის 59 ათასი ლარის ხარჯებს, ჭკვიანი სახლის სისტემის მოწყობის 52 ათასი ლარის ხარჯებს, ჩასაშენებელი ავეჯის ხარჯებს 53 ათასი დოლარის ოდენობით, სწავლის საფასურს 140 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, 71 ათასი ლარის სამოგზაურო ხარჯებს, იარაღის შესყიდვის 30 ათასი ევროს ხარჯებს, 64 ათასი ევროს სხვა საყიდლების ხარჯებს, 18 ათასი ევროს იურიდიულ ხარჯებს, 10 ათასი დოლარის დიზაინერის მომსახურების ხარჯებს და სხვა ხარჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები