მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოში პლასტიკის ბოთლით სასმელის იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. Bm.ge დაინტერესდა, რა რაოდენობის სასმელი შემოდის ქვეყანაში, რომლის იმპორტიც, შესაბამისი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, პლასტიკის ბოთლებით აღარ იქნება შესაძლებელი.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ლუდის, მინერალური და მტკნარი წყლის და გაზირებული და არაგაზირებული სასმელების იმპორტმა ჯამში 4,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო მოცულობამ - 6 მილიონამდე ლიტრი. ეს მონაცემები წინა 2025 წლის პირველ თვესთან შედარებით გაზრდილია.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, ქვეყანაში 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ლუდი, წვენები, გაზირებული სასმელები და წყლები შემოვიდა. ეს მონაცემი 25%-ით აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასმელების იმპორტი მზარდ დინამიკას აჩვენებს როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული სასმელის შემთხვევაშიც.
|
იმპორტი, სულ: |
71 752.3 ათასი აშშ დოლარი |
ტონა |
|
ხილისა და ბოსტნეულის წვენები |
16 913.7 |
6 460.7 |
|
მინერალური და მტკნარი წყლები |
303.1 |
306.9 |
|
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით |
29 162.6 |
26 165.0 |
|
ლუდი |
25 372.9 |
21 713.9 |
რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ბაზრებს, ლუდის შემთხვევაში გერმანია, ნიდერლანდები და რუსეთია. მინერალური და მტკნარი წყლების შემთხვევაში იტალია, რუსეთი და სომხეთი. ხილისა და ბოსტნეულის წვენების სტატისტიკაში მთავარი საიმპორტო ქვეყნებია თურქეთი, ავსტრია და ნიდერლანდები. ხოლო გაზიანი და შაქრიანი სასმელების შემთხვევაში - პოლონეთი, რუსეთი და თურქეთი.
აღნიშნულ სტატისტიკაში უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის სასმელი შემოვიდა მინის, თუნუქის, მუყაოს და რა რაოდენობის სასმელი პლასტიკის ბოთლებით, თუმცა, თუ საბოლოოდ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია მომავალი წლის თებერვლიდან მართლაც ამოქმედდა, იმპორტიორებს სასმელის შემოტანისას ცვლილებების განხორციელება მოუწევთ.




























