მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ ბიომწარმოებლებს?- EU-მ ახალი წესები აამოქმედა

62680d241a325
ანუკა ჯოხაძე
26.04.22 21:40
983
ორგანული პროდუქტების ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება. ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაიზარდა. ამ პროდუქტების ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარი კი ევროკავშირია, სადაც პროდუქციის ექსპორტი  შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწარმოებლებისთვის ახალი შესაძლებლობაა.

იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ამ მიმართულებით ევროკავშირის ბაზრის ათვისება შეძლონ, კონკრეტული რეგულაციების დაკმაყოფილება და ბიოსერტიფიკატების მოპოვება სჭირდებათ.



ევროკავშირმა ბიოპროდუქტების მწარმოებლებისთვის 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ახალი რეგულაციები აამოქმედა. ახალი რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესი საქართველოში უკვე დაიწყო. პროცესში ჩართულები არიან დონორი ორგანიზაციები.

უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებული პროექტის “GRETA”-ს ფარგლებში ახალი რეგულაციები ქართულ ენაზეც ითარგმნა. ნათარგმნი რეგულაციები კი პროექტის წარმომადგენლებმა როგორც ბიომწარმოებლებს, ისე მასერტიფიცირებელ ორგანიზაციებს გაუზიარეს.



პროცესებში ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რომელმაც პროექტის ფარგლებში ნათარგმნი რეგულაციებით პირველი სამუშაო დოკუმენტი უკვე შექმნა.

ახალი რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირმა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან აამოქმედა, საექსპორტო პოტენციალს და სარეალიზაციო ბაზრის არეალს მცირე მწარმოებლებსაც უზრდის.



ამ მიმართულებით მომუშავე ასოციაციები და მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ არსებულ რეგულაციებში შესული ცვლილებების მიხედვით, მცირე მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ ჯგუფური სერტიფიცირებით ისარგებლონ და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროდუქციის შესაბამისი მოცულობები ექსპორტზე გაიტანონ.

ორგანული მეურნეებისა და ბიომასერტიფიცირებელი კომპანიებისთვის ევროკავშირის ახალი რეგულაციების ადგილობრივ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება.



პროცესების ჰარმონიზების ხელშეწყობას ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებით პროექტი "გრეტაც" აგრძელებს, რომელიც ამ ეტაპზე ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების სექტორულ კვლევასაც ატარებს, რომელიც ამ მიმართულებით ევროკავშირში არსებული კანონმდებლობის ქართულთან ჰარმონიზების პროცესისკენ არის მიმართული.

ამასთან, პროექტი GRETA, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.  

პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 6,8 მილიონი ევროა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ; წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები