მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს აჩენს გამარტივებული გადახდის პირობები ბინის შეძენისას?

პროსპექტი

ბოლო პერიოდის განმავლობაში დეველოპერული კომპანიების მხრიდან გადახდის პირობები კიდევ უფრო გამარტივდა. ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება ისეთი, რომელიც მომხმარებელ 0%-იან განვადებას, ბინის დასრულებამდე 20%-იან თანაგადახდას თუ სხვადასხვა ტიპის შეღავათებს სთავაზობს.

ამ შეთავაზებების მიღმა არსებულ რისკებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე განმარტავს, რომ რეცესიის შემთხვევაში არასწორად დაგეგმილი ფულადი ნაკადები, დეველოპერის დეფოლტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

„ჩვენი კომპანია ყოველთვის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გადახდის პირობა ერთი მხრივ იყოს მოქნილი, რომ კლიენტის შესაძლებლობებს მოერგოს, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა იყოს სოლიდური. არ უნდა დატოვო ბოლოში გადასახდელად ისეთი თანხა, რომელსაც კლიენტი ვერ გადაიხდის თუ რაღაც რეცესია დადგა. და რეცესია თუ დადგა კი არა, აუცილებლად დადგება, იმიტომ, რომ ეკონომიკური ციკლის ნაწილია. ეკონომიკურ აღმავლობას მოჰყვება რეცესია, შესაბამისად ჩვენ, ჩვენს ფულად ნაკადებს ისე ვგეგმავთ, რომ კლიენტს მაქსიმუმ 50%-ზე მეტი არ მოუწევს.

როცა ნახევარი გადახდილი გაქვს ბინის ღირებულების, უკვე ძალიან მიმზიდველი ხდები ბანკებისთვის. ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მიხვიდე და დარჩენილ 50%-ზე აიღო იპოთეკური სესხი დასრულებული ბინის უზრუნველყოფით. სწორად დაგეგმილი ფულადი ნაკადები მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ არ მოხდეს დეველოპერის დეფოლტი. ამიტომ კლიენტებს ვისაც ბინის შეძენა სურს, მე ვურჩევდი რომ აუცილებლად შეხედონ გადახდის პირობებს, რომელიც შეიძლება კარგად გამოიყურება, თუმცა გარკვეულ რისკებს ქმნის.“ - განაცხადა ბურდილაძემ.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ბურდილაძემ ჭარბი მიწოდების რისკებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვები ამის წინაპირობა ვერ გახდება, რადგან მოთხოვნა ბაზარზე მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება. ბურდილაძემ ამის მაგალითად „გალტ & თაგარტის“ კვლევის შედეგები მოიშველია, რომლის მიხედვითაც 2026–2028 წლებში დასამთავრებელ პროექტებში ბინების ნახევარი თითქმის გაყიდულია

„სისტემური დეველოპერების ტრენდი ზოგად ტენდენციებზე მიუთითებს. თუ პატარა მოთამაშეები სხვა შეცდომას არ დაუშვებენ, მათ პრობლემები მოთხოვნის შემცირების გამო არ შეექმნებათ.

იმ პროექტებში რომლებიც დასრულდება 3-4 წლის შემდეგ უკვე ნახევარზე მეტია გაყიდული. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ადამიანები 3-4 წელი ელოდებიან ბინის დასრულებას. შესაბამისად მოთხოვნის ნაწილში მათ საფრთხე არ შეექმნებათ, თუმცა პატარა კომპანიებისთვის და იმათთვის ვინც ამ ბაზარზე შემოდის სხვა რისკებია და აქ ერთ-ერთი მთავარი რისკი არის აშენება. პროექტს რომ შექმნი მას აშენება სჭირდება. დღეს ბაზარზე სერიოზული პრობლემა კვალიფიციური მუშახელის და კვალიფიციური სამშენებლო კომპანიების.“ - განაცხადა ბურდილძაემ.

ინფორმაციისთვის, Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი ბინების სექტორი 2024 წლის იანვარში თბილისის 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვის საფუძველზე მიმოიხილა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას უსვამს ხაზს.

მათივე მონაცემების თანახმად, 2023 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვებმა წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდულია.