მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რა როლი ექნება საქართველოს, თუ ახლა განხილვებში არ ვმონაწილეობთ, არ ვიცი" – გიორგი ლაბაძე C5+1-ის შეთანხმებაზე

C5+1

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელ გიორგი ლაბაძის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებაზეა ორიენტირებული, საქართველოს გავლით უნდა განხორციელდეს, თუმცა ქვეყანა ამჟამად ვერ მონაწილეობს პროცესებში და თუ ქვეყნის ჩართულობა არ გაიზრდება, დაიკარგება გეოსტრატეგიული და ეკონომიკური სარგებელი.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა - ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი სავაჭრო შეთანხმებას აფორმებენ. C5+1-ის ერთობლივი განცხადების მიხედვით, თანამშრომლობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის“, განვითარებას დაეთმობა. მარშრუტი დაკავშირებული იქნება „ტრამპის დერეფანთან“ და მიმართული საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.

“ამ ყველაფერმა საქართველოზე უნდა გამოიაროს რაღაც დონეზე, მაგრამ რა როლი ექნება ზუსტად საქართველოს, თუ არ ვმონაწილეობთ ახლა, მით უმეტეს განხილვებში, არ ვიცი”, - თქვა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ გიორგი ლაბაძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველო არ ჩაერთვება სატრანსპორტო დერეფნების („შუა დერეფნის“) განვითარებაში, მას აღარ ექნება რეალური შესაძლებლობა გავლენა იქონიოს, მაგალითად, ანაკლიის პორტისა თუ რკინიგზის პროექტებზე.

„შუა დერეფანი შეიძლება უსაფრთხოების გარანტიაც გახდეს, მაგრამ ჩვენ გარეშე, უფრო რთული იქნება რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს პასიური პოზიცია, ლაბაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად თანამშრომლობს მხოლოდ ერთ მხარესთან, მაგალითად ჩინეთის მიმართულებით, რაც სხვა პარტნიორებისგან მიღებულ სარგებელს აკარგვინებს. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია მრავალმხრივი და ბალანსირებული თანამშრომლობისკენ, რათა საქართველომ შეძლოს ერთდროულად დასავლურ და აღმოსავლურ პარტნიორებთან მუშაობა და დაიცვას საკუთარი ინტერესები.

„რაც დღეს ვაკვირდები, ჩვენი ქვეყანა ძირითადად ერთ მხარეს თანამშრომლობს. მაგალითად, კობახიძის ვიზიტი ჩინეთში აჩვენებს, რომ აქტიურობა არსებობს, თუმცა თანამშრომლობა მთლიანად ერთი მიმართულებითაა. ჩვენი რეგიონული ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო ეფექტიანია. ერთ მხარეს მუშაობა მეორე მხრიდან მიღებულ სარგებელს აკარგვინებს, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგები ბუნდოვანი რჩება. ჩინეთის ინტერესიც ასეთია - იგი მიზნად ისახავს თავის საქონლის გადატანას დასავლეთში, მაგრამ თუ საქართველო არ იქნება როგორც ლოგისტიკური ხიდი, პროექტების რეალიზაცია სერიოზულად შეფერხდება“, - განაცხადა ლაბაძემ.

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი, გიორგი დავითაია კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით საქართველოს როლი C5+1-ის პროცესებში შეზღუდულია, ქვეყანა მხოლოდ დაკვირვების რეჟიმშია, ხოლო აქტიური მოლაპარაკებები კი სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმდინარეობს.

„C5-ის, როგორც ტრამპის დერეფნის ნაწილის მომავალი ჯერ რთულად პროგნოზირებადია. ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით და აქტიურად ვაგროვებთ ინფორმაციას. ამ ეტაპზე საქართველოს ჩართულობა ძირითადად საუბრის დონეზეა, თუმცა საინტერესო პროცესი მიმდინარეობს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 18 ნოემბერს იგეგმება აზერბაიჯანისა და ამერიკის კონფერენცია, რომელშიც მხოლოდ აზერბაიჯანული და ამერიკული მხარეები იქნებიან ჩართული. აღნიშნულ ღონისძიებებზე განხილული იქნება როგორც მარშრუტის მოწყობა, ისე სამართლებრივი საკითხები, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის გამტარიანობა. ჯერჯერობით საქართველო პროცესიდან სრულად გამოტანილი რჩება, თუმცა შემდგომი თანამშრომლობა ამერიკულ პარტნიორებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები, კვლავ შესაძლებელია“, - აღნიშნა დავითაიამ.

ინფორმაციისთვის: შეერთებული შტატები ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანასთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს. როგორც ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, იგივე C5+1-ის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკური თანამშრომლობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აღნიშნული მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან, ანუ ტრამპის მარშრუტთან, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები