მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საგადასახადო გამოწვევები შეიძლება წარმოიშვას ბარტერული ოპერაციების დროს დეველოპერული სექტორისთვის? - რჩევები "გრანთ თორნთონისგან"

ნათია ჩაგანავა
31.07.24 14:06
253

მოგეხსენებათ, დეველოპერულ სფეროში ხშირია ოპერაციების განხორციელება ბარტერის კვალიფიკაციით, რომელიც, თავის მხრივ, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის, ხასიათდება რიგი თავისებურებებით. ამდენად საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით, არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის განვიხილო ორი ძირითადი მათგანი:

პირველ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ოპერაციის რეალურად ბარტერად კვალიფიკაციის საკითხი.

  • არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები როდესაც დეველოპერული კომპანია ჩვეულებრივი ორი დამოუკიდებელი ოპერაციის ურთიერთგაქვითვის ოპერაციას განიხილავს ბარტერად. აღნიშნულმა მიდგომამ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი თანხისა თუ დროის განსაზღვრის მიზნით, შესაძლოა არსებითად შეცვალოს კომპანიის მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები. ამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები შეესაბამებოდეს რეალური ოპერაციის პირობებს რათა არ მოხდეს პოტენციურად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება მოიცავს ბარტერული ოპერაციის დღგ-თი დასაბეგრი თანხისა და დაბეგვრის დროის სწორად განსაზღვრის საკითხს.

  • მაგალითად, როდესაც დეველოპერის მიერ ხდება ბარტერული ოპერაციის თანახმად მიწის ნაკვეთის შეძენა მესაკუთრისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
  • 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ დათარიღებული ასეთი გარიგების დროს დღგ-თი დაბეგვრის დროდ დეველოპერული კომპანიისათვის მიჩნეულია მიწის მის საკუთრებაში გადაცემის მომენტი, რაც ითვლება ნატურის სახით მიღებულ ანაზღაურებად ავანსის სახით.
  • ხოლო, 2024 წლამდე დათარიღებული ასეთი გარიგების დროს, დღგ-თი დაბეგვრის დროდ განიხილება დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისათვის არა საკუთრებაში გადაცემის მომენტი არამედ ასეთი ქონების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. დაბეგვრის დროთ მიჩნეული ექსპლუატაციაში მიღების მომენტად განსაზღვრა კი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა გარემოებაზე.
  • ორივე შემთხვევაში 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა გამონაკლისი ინდივიდუალური შემთხვევებისა, დღგ-თი დასაბეგრი თანხა განსაზღვრულ უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმების დროს მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ, შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი კვალიფიციური შემფასებლის მიერ.

ავტორი: ნათია ჩაგანავა, "გრანთ თორნთონ საქართველოს" საგადასახადო მიმართულების მენეჯერი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები