მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სანქცია დაეკისრება ბიზნესს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების დარღვევისთვის? - კანონპროექტი

სეს

მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს, რომლის დარღვევისთვისაც ბიზნესსი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, გამეორებისთვის კი 5-დან 30 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

კანონპროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. მისი მიღების შემთხვევაში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დარეგულირდება და მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს შესაბამისი წესი და პირობები. რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რეალიზატორებს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ მის აღსრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ცვლილებები შედის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსშიც", რომლის მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დარღვევა პირველ შემთხვევაში იწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას; განმეორების შემთხვევაში იწვევს 5 000 ლარის ოდენობის დაჯარიმებას, ხოლო სამართალდარღვევის პირველი გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ განმეორების შემთხვევაში კი 30 000 ლარით დაჯარიმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები