მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სარგებელს მოუტანს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა ქვეყანას? |მინისტრის მოადგილის პასუხი

ზურაბ ეზუგბაია

„ძალიან ბევრი კონსულტაცია იყო ჩატარებული იმისათვის, რომ ეროვნული პარკის ჩამოყალიბება არ მოვიდეს კონფლიქტში როგორც ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე ადგილობრივების ინტერესებთან“, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ დეპუტატ ბეჟან წაქაძის კითხვას ეგრისის ეროვნული პარკის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პერსპექტივებზე.

კითხვა ეხებოდა იმას, რა სარგებელი უნდა მოუტანოს პროექტმა ქვეყანას და ადგილობრივ მოსახლეობას. საკითხი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ განხილვისას განიხილეს, სადაც ყურადღება პარკის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე გამახვილდა.

„ძალიან ბევრი კონსულტაცია იყო ჩატარებული იმისათვის, რომ ეროვნული პარკის ჩამოყალიბება არ მოვიდეს კონფლიქტში როგორც ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე ადგილობრივების ინტერესებთან. საუბარია 37 000 ჰექტარზე, სამი მუნიციპალიტეტის ფარგლებში და შესაბამისი საზღვრებიც კვლევებზე დაფუძნებით განისაზღვრება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ეროვნული პარკის შექმნის პირველადი მიზანი ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვაა, თუმცა პროექტი ეკონომიკური და ტურისტული განვითარების გეგმებსაც ითვალისწინებს.

„ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ ის იყო, რომ ეროვნული პარკის ფუნქციონირების წესებმა არ შეაფერხოს ინფრასტრუქტურული თუ ტურისტული პროექტები, რომლებიც უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდშია დაგეგმილი. კოორდინატები რამდენჯერმე გადაიხედა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ეროვნული პარკის საზღვრებიდან გამორიცხულია ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რათა მათი განვითარება და ექსპლუატაცია არ შეფერხდეს. მისივე თქმით, მომდევნო ეტაპზე აქცენტი ვიზიტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე გაკეთდება.

„ეროვნული პარკის მომდევნო განვითარება კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ ვიზიტორებისთვის იყოს ხელსაყრელი პირობები. ამასთან, 22 ადამიანი ადგილობრივ დონეზე დასაქმდება და უშუალოდ ჩაერთვება ეროვნული პარკის ამოცანების შესრულებაში, რაც ადგილობრივი ეკონომიკისთვისაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ეროვნული პარკის განვითარების დეტალური ხედვა მენეჯმენტის გეგმაში აისახება, რომლის შემუშავებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.

„შემდგომი დეტალური გეგმები ასახული იქნება ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმაში, ხოლო მის მიღებამდე იმოქმედებს დროებითი რეგულირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება კანონის მიღების შემდეგ. ვფიქრობთ, რომ ეგრისის ეროვნული პარკის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი საუკეთესო მოლოდინებსა და სტანდარტებს შეესაბამება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მთავრობა კახეთში, სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები