მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისებს სთავაზობს მუსიკოსებს Bloom Music-ი? - ჯაბა შავიშვილის განმარტება

Bloom Music

წლებთან ერთად, ქართული მუსიკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. პარალელურად ამისა, საქართველოში აქტიურად ვითარდება მუსიკალური ბიზნესი რის დასტურად ბაზრის ერთგვარი კონსოლიდაცია და ასპარეზზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეები გამოდგება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია Bloom Music-ია, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის სერვისებზე და სარგებელზე, რომელსაც კომპანია ქართველ არტისტებს სთავაზობს, Bloom Music-ის თანადამფუძნებელმა, ჯაბა შავიშვილმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა. როგორც შავიშვილი ამბობს, მუსიკალური კომპანიის შექმნისკენ მას და კომპანიის ორ სხვა თანადამფუძნებელს - მუსიკის სიყვარულმა და ამ სფეროს განვითარების სურვილმა უბიძგა.

“მუსიკალური კომპანიის შექმნისკენ, პირველ რიგში, მუსიკის სიყვარულმა გვიბიძგა, რომლის გარეშეც ამ მიმართულებით ბიზნესში ნაბიჯებს არ გადავდგამდით. ვიფიქრეთ, რომ დრო სწორად იყო შერჩეული, რადგან ვხედავდით, რომ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას დამატებითი სერვისების შეთავაზება სჭირდებოდა. ამ ბიზნესში არსებობს მუსიკოსი და არსებობენ სხვადასხვა ტიპის სუბიექტები, მათ შორის საკონცერტო დარბაზები, ჩამწერი სტუდიები და ჩვენ ერთ-ერთი დამატებითი სუბიექტი ვართ. Bloom Music-ი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია: არტისტ-მენეჯმენტი, მუსიკის ციფრული დისტრიბუცია და მუსიკის სინქრონიზაცია”, - განაცხადა ჯაბა შავიშვილმა “საქმიან საღამოში”.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ეს სერვისები, ჯაბა შავიშვილი აღნიშნავს, რომ სამივე ეს სერვისი მორგებულია იმას, რომ მუსიკოსმა, მუსიკა შექმნას და სხვა პრობლემებზე აღარ იფიქროს.

“გარდა იმისა, რომ მუსიკოსი - მუსიკას ქმნის, დღეს მას ძალიან ბევრი სადარდებელი აქვს. თუ ადრე ადამიანები ამაზე ზრუნავდნენ, დღეს მუსიკოსებს უწევთ ამ მიმართულებით თავად იმუშაონ, რის გამოც ბევრი ე.წ. “ბედრუმ-პროდიუსერი” გვყავს, რომელიც თავის სახლში ქმნის მუსიკას და ბევრი უნარი სჭირდება იმისთვის, ეს მუსიკა რომ წარმოაჩინოს. შესაბამისად, არტისტ-მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში მუსიკოსს ეხება მუსიკის შექმნა და ხელოვნებაზე ფიქრი, ხოლო ჩვენ - მუსიკის შეფუთვა და ყველა სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხის გაძღოლა, რათა არტისტის კარიერა წინ წავიდეს”, - ამბობს Bloom Music-ის თანადამფუძნებელი, ჯაბა შავიშვილი.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც Bloom Music-ი ქართველ მუსიკოსებს სთავაზობს - მუსიკის კომერციალიზაციაა, რომელიც სხვადასხვა სტრიმინგ-პლატფორმებზე, მათ შორის Spotify-ზე, Apple Music-სა და Deezer-ზე მათი კომპოზიციების განთავსებას გულისხმობს.

“ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუსიკის მონეტიზაციის პროცესი ძალიან შეიცვალა - კი, დისკებიც, ფირფიტებიც და კასეტებიც დღესაც იყიდება, მაგრამ უდიდესი წილი სტრიმინგ-სერვისებზე მოდის და თუ არტისტს საკუთარი მუსიკის კომერციალიზაცია სურს, სწორედ ამ პლატფორმებს უნდა მიმართოს. ამ მიმართულებით ჩვენ ამერიკულ Symphonic Music-თან ვთანამშრომლობთ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორია. ამ სერვისს ორასზე მეტ მუსიკოსს ვთავაზობთ და მიხარია, რომ ათასზე მეტი სიმღერა განვათავსეთ ამ პლატფორმებზე”, - აღნიშნავს ჯაბა შავიშვილი “საქმიან საღამოში”.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზედაც Bloom Music-ის თანადამფუძნებელმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა, მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ გამომცემლობასთან, Sony Music Publishing-თან და მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვან სპეციალიზებულ პლატფორმასთან, Extreme Music-თან პარტნიორობას უკავშირდება. როგორც ჯაბა შავიშვილი ამბობს, ექსკლუზიური პარტნიორობა მუსიკის სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს, რაც Bloom Music-ის ერთ-ერთი მთავარი სერვისია.

“Sony Music Publishing-ი უდიდესი მუსიკალური გამომცემლობაა მსოფლიოში და გვახარებს, რომ ამ გიგანტის ექსკლუზიური პარტნიორები სწორედ ჩვენ გავხდით. Sony Music Publishing-ი ხუთ მილიონზე მეტი არტისტის წარმომადგენელია, მათ შორის არიან ძველი გიგანტები The Beatles-ის, The Rolling Stones-ისა და მაიკლ ჯექსონის სახით, ასევე თანამედროვე ტიტანები, მათ შორის Beyonce და Lady Gaga. შესაბამისად, ამ ავტორების უფლებებსაც წარმოვადგენთ საქართველოში”, - ამბობს ჯაბა შავიშვილი და დასძენს, რომ თუ რომელიმე ქართულ ფილმის, რეკლამისა თუ სატელევიზიო კონტენტის შექმნისას ადამიანს ზემოხსენებული ხუთი მილიონი არტისტის კატალოგიდან რომელიმე სიმღერის გამოყენება, უნდა მიმართოს Bloom Music-ს, რომელიც საქართველოში შესაბამის ლიცენზიას გასცემს.

ჯაბა შავიშვილის თქმით, ამ დრომდე, ადამიანებს, რომლებსაც ამ მუსიკალური კომპოზიციების გამოყენება სურდათ, დიდი და გრძელი ბიუროკრატიული პროცესის გავლა უწევდათ, მაგრამ ახლა ეს პროცესები გამარტივებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები