მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცდომები დაუშვა საქართველომ Covid 19-ის მართვისას? - გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი

5fcb79e88d448
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 16:14
1919
საქართველოში 10 თვის განმავლობაში კოვიდ 19–ის მართვის კომპლექსური შეფასება ან არ მომხდარა, ან თუ მოხდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა– ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი შაქარიშვილი გადაცემა Forbes Talks-ში აცხადებს. 

მისი თქმით, კომპლექსური შეფასებები და ანალიზი ასეთი ახალი დაავადებების მართვისას მნიშვნელოვანია, რადგან მისი მართვის გამოცდილება არ არსებობს. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყანა აკეთებს კომპლექსურ შეფასებას, რაც მათ პროცესში არსებული ხარვეზების მოძიებისა და აღმოფხვრის საშუალებას აძლევს. გიორგი შაქარიშვილის თქმით, ამგვარი ანალიზი 3 მიმართულებით უნდა წარიმართოს:

"პერიოდულად საჭიროა შეფასება, რათა აღმოვაჩინოთ ნაკლოვანებები – ხარვეზები და აღმოვფხვრათ ისინი. ასეთი კომპლექსური შეფასება 3 მიმართულებით უნდა გაკეთდეს: 1. მიმდინარე ჯანდაცვის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება, მათი ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა; 2. მმართველობითი სისტემის სტრუქტურის შეფასება და 3. მმართველობითი სისტემის პროცესის შეფასება“, - აცხადებს გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი.

გიორგი შაქარიშვილს საქართველოში კოვიდის მართვისას დაშვებული ხარვეზის 2 მაგალითი მოჰყავს და მათ „ინტერვენციაში დიზაინის ხარვეზს“ უწოდებს.

მაგალითი 1. ჯანდაცვის ინტერვენციები ყოველთვის კომპლექსურია. ის რეგულაციურ და ქცევით ნაწილს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და აღწევენ საერთო მიზანს. მაგალითად, თუ მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება, რეგულაციური ინტერვენცია იქნება დღგ-ს გაზრდა, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა და ა.შ. მაგრამ იმისთვის, რომ რეგულაციებმა იმუშავოს საზოგადოების ქცევითი რუტინა უნდა შეიცვალოს. ქცევით ინტერვენციებში გატარდება - ანტირეკლამა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია და სხვა. ჩვენ რომ ვნახოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ეპიდემიის შესაკავებლად ტარდება, იქ დომინირებს რეგულაციური ინტერვენციები - სავაჭრო, კვების ობიექტების დახურვა და ა.შ. მაგრამ არ ჩანს ქცევითი ინტერვენცია და ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ 24 დეკემბერს გაიხსნება სავაჭრო ობიექტები. ჩვენ კი საზოგადოების ქცევითი რუტინის ხაზი „შავ პარასკევს“ ვნახეთ. 24 დეკემბრიდან ჩვენ გვექნება „შავი პარასკევის“ ერთი კვირეული.

ეს არის დიზაინის ხარვეზი ინტერვენციაში, რომელსაც გამოსწორება სჭირდება და 24 დეკემბრამდე გვაქვს ამის დრო.

სხვათა შორის, ამას შეიძლება ეკონომიკური ეფექტიც ჰქონდეს, რადგან ის ხალხი, რომელიც ქუჩაში დადგება, უნიფორმას ჩაიცვამს, დაარიგებს პირბადეებს, საინფორმაციო ფურცლებს და მოუწოდებს ადამიანებს წესების დაცვისკენ - ეს ხალხი დროებითი ხელშეკრულებით შეიძლება დავიქირავოთ სწორედ იმ კონტიგენტიდან, ვინც სამსახური დაკარგა.

მაგალითი 2. ეს სხვა ტიპისაა, მაგრამ ისიც დიზაინის ხარვეზს მოიცავს. ჩვენ რომ ვნახოთ მონაცემები და კორელაცია ტრანსპორტის აკრძალვასა და ეპიდემიის შეკავებას შორის – ასეთი მონაცემები არ არის. ევროპულ CDC-ის გაიდლაინის მიხედვით, არის რამდენიმე ინტერვენცია: განრიგის შეზღუდვა, სატრანსპორტო ერთეულებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა, ნიღბების ტარება, დისტანცია, ტრანსპორტის დეზინფექცია და სხვა. საერთაშორისო პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელი მაგალითებია, როდესაც ტრანსპორტის შეზღუდვა მოხდა - ეს იყო უჰანში, ინდოენთში და სლოვაკეთში, მაგრამ ეს ხდებოდა ტოტალური ლოქდაუნის პირობებში. ჩვენთან არ არის ლოქდაუნი და ადამიანს სჭირდება მოქნილობა, იმისთვის, რომ ადაპტაცია მოახდინოს. ასეთი მოქნილობა განსაკუთრებით დაბალ ეკონომიურ საფეხურზე მდგარ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ეს ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრინციპს რასაც ჰქვია თანაბარუფლებიანობა - თანასწორობა.

საქართველოს კონსტიტუციაში არის მე-5 მუხლი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის სოციალური სახლმწიფო და ხელისუფლება უზრუნველყოფს მოქალაქეების სოციალურ თანასწორობას. ვფიქრობ, რომ ამ კონცეფციასთან მიმართებაში მინიმუმ კითხვის ნიშანი მაინც ჩნდება“, - განმარტავს გიორგი შაქარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები